ბათუმის მერის მოადგილე, ლელა სურმანიძე ამბობს, რომ ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის გვერდითა სადარბაზოებიდან დაახლოებით 20 ოჯახია გამოყვანილი. მისივე თქმით, ნაწილი გადაყვანილია სასტუმროში, ზოგიერთი კი ნათესავებთან. სურმანიძემ აღნიშნა, რომ ადამიანები არ დარჩებიან ბინების გარეშე და მერია იზრუნებს, რომ ისინი ბინებით დაკმაყოფილდნენ.

"გადასვლა სულ მოუწია დაახლოებით 20 ოჯახს. აქ მე არ მყავს მხედველობაში, სადაც ჩამოინგრა. გვერდით სადარბაზოდან, ჩამონგრეული სადარბაზოს ნაწილის ბინები. თუმცაღა, ძირითადი ნაწილი გადავიდა თავის ახლობლებთან და ნათესავებთან. რაც მთავარია, ახლა არიან უსაფრთხო ადგილას და მათ არაფერი ემუქრებათ.

რაც შეეხება მერიის შემდგომ მოქმედებას, რა თქმა უნდა, შეფასდება შენობის მდგომარეობა, შესაძლოა შემდგომი განხილვის თემა, შენობის აღდგენა მოხდება თუ საერთოდ ახალი შენობის აშენება. თუმცაღა, მე მინდა გითხრათ, რომ არც ერთ შემთხვევაში, ადამიანები არ დარჩებიან ბინების გარეშე და მერია იზრუნებს იმაზე რომ ისინი დაკმაყოფილდნენ ბინებით", — ამბობს ლელა სურმანიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშველები 12 საათზე მეტია ცდილობენ ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ამოყვანას. ნაპოვნია ერთი ცხედარი. უკვე გამოყვანილია ორი ადამიანი, ორივე მათგანი ცოცხალია. ცნობილია, რომ ორივეს მდგომარეობა მძიმეა. გარდა ამისა, დღის განმავლობაში ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან ამოიყვანეს წლის და 3 თვის ბავშვი. ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

ამ დრომდე უცნობია ნგრევის მიზეზი. შს მინისტრის თქმით, შესაძლოა, ეს ქვედა სართულზე მიმდინარე სამუშაოები იყოს, რომელსაც მესაკუთრეები აკეთებდნენ. თუმცა გომელაური დაძენს, რომ ჯერ გამოძიება მიმდინარეობს და ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.