ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გასამართლების მორალური უფლება მოქმედ ხელისუფლებას არ აქვს. მისი თქმით, სააკაშვილი პოლიტპატიმარია და ციხეში არ უნდა იჯდეს.

"სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს. ეს არის საქართველოსთვის ცუდი. როგორც პრეზიდენტი, რომლის გასამართლების მორალური უფლებაც ამ ხელისუფლებას არ გააჩნია. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა — იმიტომ არა, რომ მას არაფერი დაუშავებია, მე ამას ვერ ვამტკიცებ, რომ მას არაფერი დაუშავებია. თუმცა, იმ საკითხებზე, რომლის რამდენიმე ნაწილიც ვიცი ბრალის, იქ ვიცი, რომ აბსურდულია ბრალი. მაგრამ, ზოგადად, მე არ ვარ სამართალმცოდნე და იურისტი, რომ გითხრათ, რომ არაფერი დაუშავებია. მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ის არის პოლიტიკური ნიშნით ჩასმული ციხეში. იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება არის ავტორიტარული და ამ ხელისუფლებას მისი გასამართლების მორალური უფლება აღარ აქვს", — განაცხადა მარგველაშვილმა TV პირველის ეთერში.

27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ბილეთების ფოტო, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2 ოქტომბერს, ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო. მმართველ გუნდში ამბობდნენ, რომ ის სიტყვას ისევ უღალატებდა და ჩამოსვლას ვერ გაბედავდა, მაგრამ თუ მაინც გაბედავდა, აეროპორტშივე დააკავებდნენ. თუმცა, არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს, სააკაშვილმა დაპოსტა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. რამდენიმე საათში მან ორი ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ ბათუმშია და აქტიურად აპირებს ბრძოლას.

სანამ სააკაშვილი მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდებდა, ქართულ ოცნებაში ამტკიცებდნენ, რომ ის არათუ ქვეყანაში შემოვიდა, უკრაინაში იყო. იმავეს ამბობდა შინაგან საქმეთა სამინისტროც და ამტკიცებდა, რომ მას არც უკრაინის და არც საქართველოს საზღვრები არ გადაუკვეთავს. ამ განცხადებებიდან რამდენიმე საათში პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ სააკაშვილი დაკავებულია და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, იმედის ეთერში პრემიერმინისტრი ამტკიცებდა, რომ ყველაფერი წინასწარ იცოდნენ და "ოპერატიული ტაქტიკის" გამო უწევდათ საპირისპირო განცხადებების გაკეთება.

გაიგე მეტი: