ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ On.ge-ს რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს.

"უკიდურესად მძიმე მდგომარეობა აქვს, ჯერ კიდევ სასწრაფო დახმარების მანქანაში დაუფიქსირდა სისხლდენა, შემოიყვანეს გულის გაჩერებით. მძიმე დაზიანებები აქვს კიდურების, ალბათ იქნება მოტეხილობებიც. ჯერ გამოკვლევები უნდა ჩატარდეს, მაგრამ გამოკვლევებამდე უნდა მოიყვანონ სასიცოცხლო მდგომარეობაში, რადგან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება", — ამბობენ კლინიკაში.

მაშველებმა ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ქალი დაახლოებით ერთი საათის წინ გამოიყვანეს. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

დღეს, 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშველები ცხრა საათზე მეტია ცდილობენ ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ამოყვანას. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ნანგრევებში დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს, რომელთაგან კონტაქტზე 2 გამოდიოდა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. ამ დრომდე უცნობია ნგრევის მიზეზიც.

რამდენიმე საათის წინ, კლინიკიდან გაწერეს ბავშვი, რომელიც კორპუსის ნგრევისას მის წინ მდებარე მანქანაში იყო და ნანგრევებს შორის მოყვა. ბათუმის იაშვილის კლინიკის მთავარი ექიმის, თამარ ბახტაძის ინფორმაციით, წვივის ძვლის მოტეხილობა და ზედაპირული დაზიანებები აქვს.

გაიგე მეტი: