პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი არ საუბრობს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის სავარაუდო მიზეზებზე. მისი თქმით, ამაზე გამოძიება მუშაობს და წინასწარ დასკვნის გაკეთება არ სურს. მისი თქმით, ადგილზე 300-ზე მეტი მაშველი მუშაობს.

"გამოძიება დაადგენს ყველაფერს, არსებობს ბევრი ვერსია, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. მე მოვისმინე შსს-ს მინისტრისგან განცხადება, ამის თაობაზე მანაც განაცხადა საჯაროდ, თუმცა წინასწარ არ მინდა რაიმე დასკვნის გაკეთება, ჯობია დაველოდოთ გამოძიების შედეგს. პირველ რიგში უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები", — აცხადებს ღარიბაშვილი.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დაახლოებით, 10-15 ადამიანია ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი, რომელთაგან 2 კონტაქტზე იმყოფება.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. ამ ეტაპზე უცნობია ნგრევის მიზეზი.

ჯერჯერობით, დადასტურებულად არის ცნობილი, რომ ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ბავშვი გამოიყვანეს, რომელსაც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და უკვე სახლში გაწერეს.