პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კომპანია ალმას საკანონდმებლო წინადადებას, წინასაარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის შემცველი ბანერების აკრძალვასა და შეზღუდვასთან დაკავშირებით, მხარი დაუჭირა. როგორც პარტია მოქალაქებიის წევრი, ლევან იოსელიანი აცხადებს, ის აღნიშნული შეთავაზების იდეას ემხრობა, თუმცა, მისი განმარტებით, საკითხს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ფართო დისკუსია სჭირდება. იოსელიანი ამბობს, რომ წინადადების განხილვაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც უნდა ჩაერთონ.

"ვფიქრობ, ბოლო არჩევნები უნდა იყოს, სადაც ვიხილეთ "სისხლიანი ბანერები" და ასეთი ტიპის, ზოგადად, კამპანიის წარმოება, ამის საშუალება, აღარ უნდა მიეცეს არავის [...] იდეის დონეზე მხარს ვუჭერ, რაც შეეხება წინადადებას, იქ მუნიციპალიტეტებზეა ლაპარაკი, ანუ, ამ კონკრეტული წინადადების მხარდაჭერისგან თავს შევიკავებ, იმიტომ, რომ ამ საკითხებს ვერ დაარეგულირებს, ამას სჭირდება უფრო ფართო დისკუსია ოპოზიციასა და მმართვველ პარტიას შორის", — აბობს იოსელიანი.

ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, აღნიშნული წინადადება მხოლოდ ე.წ სისხლიან ბანერებს არ უნდა უკავშირდებოდეს. მისი მტკიცებით, აღნიშნული საკითხი "ზოგმა მედიამ აიტაცა", დეპუტატმა აღნიშნა, რომ მას შეუძლია კოლეგებს "ბევრად მეტი, სხვა მკვეთრი მაგალითი" გაახსენოს.

გარდა ამისა, კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მუშაობის შემდეგ კომიტეტის წევრები მიერ კანონპროექტი დაკონკრეტდება და გაფართოვდება.

კომპანია ალმამ სიძულვილის ენის შემცველი ბანერების განთავსების აკრძალვაზე წინადადებით საკანონმდებლო ორგანოს გუშინ, 7 ოქტომბერს მიმართა.

აღსანიშნია, რომ ევროპულმა საქართველომ ბანერის გაკვრის მოთხოვნით, ალმას, დაახლოებით, ერთი კვირის წინ მიმართა. პარტიის ცნობით, გაკვრის ბოლო ვადა, დღეს, 8 ოქტომბერს იწურება. სწორედ ერთი დღით ადრე გაავრცელა კომპანიამ აღნიშნული განცხადება და სიძულვილის ენის შემცველი ბანერების გაკვრის შეზღუდვა მოითხოვა. როგორც პარტიაში On.ge-ს განუცხადეს, მოლოდინი აქვთ, რომ მათ ბანერის გაკვრაზე უარს ეტყვიან. ევროპული საქართველოს რეკლამაზე ქართული ოცნების დამფუნებლის, ბიძინა ივანიშვილის სახე ღორის ფორმაშია გამოსახული.

17 სექტემბერს, თბილისში გვიან ღამით ბანერი წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას" ისევ გამოჩნდა. Facebook-ზე გავრცელდა ფოტოც, სადაც ჩანს, რომ პოლიტიკური პლაკატი ვაქცინაციის მოწოდების ბანერს გადააკრეს. 18 სექტემბერს NCDC-მა განცხადება გაავრცელა და ვაქცინაციის მოწოდების ბანერების ჩანაცვლება დაგმო. ე.წ. სისხლიანი ბანერების შესახებ ცესკოში საჩივარი შეიტანა სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED), ერთიანმა ნაციონალურმა და პარტია დროას თავმჯდომარემ, ელენე ხოშტარიამ.

თავად კომპანია ალმამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტავდნენ, რომ ფუნქცია მხოლოდ ბილბორდების კონსტრუქციის ფართის გაყიდვა/გაქირავებაა და მათ ვიზუალზე პასუხისმგებლობას იხსნიდნენ. თუმცა, კომპანიაში, ასევე, აცხადებდნენ, რომ ე.წ. "სისხლიანი" ბანერების შინაარსი მათთვის მიუღებელი იყო. კომპანიის განცხადებაში არაფერია ნათქვამი ხელშეკრულების დარღვევაზე.

28 სექტემბერს ცესკო-ში განაცხადეს, რომ ე.წ. სისხლიანი ბანერებთან დაკავშირებით სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამის მიზეზად უწყებაში ასახელებენ იმას, რომ საჩივრებში მითითებული ბანერების დამზადება/განთავსება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით არ მომხდარა და მათი დამზადება შპს ალმას ფიზიკურმა პირმა დაუკვეთა.

29 სექტემბერს, ცესკო-ს თავმჯდომარის ოპოზიციური პარტიების კვოტით არჩეულმა მოადგილემ, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ ე.წ. სისხლიანი ბანერების შესახებ გადაწყვეტილება თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მიიღო. ის ამბობს, კომისიას ამის შესახებ არც ოფიციალურ და არც არაოფიციალურ ფორმატში არ უმსჯელოა. სიორიძე ხაზს უსვამს იმასაც, რომ თავად ემიჯნება ამ გადაწყვეტილებას.

ამასთან, 30 სექტემბერს სახელმწიფო აუდიტის სასახურმა ე.წ. სისხლიანი ბანერების განთავსების ხარჯების კანონიერების შესწავლა დაიწყო. უწყებამ კომპანია ალმასგან გამოითხოვა ინფორმაცია ბანერების დამკვეთის, მათი განთავსების ადგილების, ტირაჟის, განთავსების ხანგრძლივობისა და ღირებულების შესახებ.

გაიგე მეტი: