შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დაახლოებით, 10-15 ადამიანია ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი, რომელთაგან 2 კონტაქტზე იმყოფება.

"დაახლოებით, ხუთი სართულია ჩამონგრეული, ჩვენი ინფორმაციით, 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი შიგნით, ნანგრევებში. კონტაქტზე გამოდიან 2 ადამიანი, რომლებიც ცოცხალია და ტელეფონით გვესაუბრება, თუმცა ვერ გვიხსნიან ჯერ რომელ სართულზეა, სულ დაბლაა ჩავარდნილი ამ ნანგრევებისგან თუ მაღლაა, თუმცა ვესუბრებით ტელეფონით", — განაცხადა მან.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. ამ ეტაპზე უცნობია ნგრევის მიზეზიც.

ჯერჯერობით, დადსტურებულად არის ცნობილი, რომ ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ბავშვი გამოიყვანეს, რომელსაც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და უკვე სახლში გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევაზე გამოძიება დაწყებულია, ხოლო დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.