კომპანიებმა Pfizer და BioNTech აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოს (FDA) მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გამოყენების ნებართვა სთხოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

ბიოტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კლინიკური ტესტირების შედეგად მიღებულ მონაცემებს სპეციალიტებს უახლოეს მომავალში გაუგზავნიან. სააგენტო გეგმავს, რომ გადაწყვეტილების შესახებ მათ რაც შეიძლება სწრაფად შეატყობინოს.

FDA ამ საკითხის განხილვას მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს აპირებს, საბოლოო პასუხს კი, სავარაუდოდ, ამავე თვის ბოლოს გაასაჯაროებს. ამის შემდეგ ისინი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებში მომუშავე ექსპერტებს შეხვდებიან, რაც 2 ან 3 ნოემბერსაა მოსალოდნელი. ბოლო სიტყვა სწორედ მათ ეკუთვნით.

აღსანიშნავია, რომ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით აცრამ, შესაძლოა, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსისგან 28 მილიონზე მეტი ადამიანი დაიცვას.

"იქიდან გამომდინარე, რომ აშშ-ში ბავშვების ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ჯერ კიდევ დიდია, ჩვენი განაცხადი Covid-19-თან საბრძოლველად წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია", — ამბობენ Pfizer-ში.

ცდის მონაცემების გარდა, ყურადღება მიექცევა პრეპარატის შემადგენლობასა და შეუფერხებელი წარმოების შესაძლებლობას. პატარები მოზრდილებისთვის განკუთვნილი დოზების 1/3-ს მიიღებენ. შესაბამისად, ვაქცინებში სხვადასხვა მოცულობის გამხსნელი ნივთიერების შერევა იქნება საჭირო.

შეგახსენებთ, რომ ვირუსის დელტა შტამი უფრო მეტად მცირეწლოვნებში ვრცელდება, ამიტომ ისინი Covid-19-ით დაავადების რისკის ქვეშ იმყოფებიან. ამას ემატება სასწავლო პროცესის მიმდინარეობაც, რაც მათში ინფექციის გადადების შანსს ზრდის.

უნდა ითქვას ისიც, რომ კომპანიების მიერ ახლახან გამოქვეყნებული ოფიციალური ანგარიშის თანახმად, მათი ვაქცინა 5-11 წლის ბაშვებში გამოსაყენებლად სრულიად უსაფრთხო და ეფექტიანია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.