8 ოქტომბერს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის 2021 წლის ლაურეატები დასახელდნენ: რუსი ჟურნალისტი დმიტრი მურატოვი და ფილიპინელ-ამერიკელი ჟურნალისტი მარია რესა.

როგორც ნობელის კომიტეტმა განმარტა თავისი გადაწყვეტილება, ამ ორ ჟურნალისტს ჯილდო გადაეცა "სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის გაწეული ძალისხმევისთვის, რაც დემოკრატიისა და მშვიდობის შენარჩუნების აუცილებელი წინაპირობაა".

"რესა და მურატოვი მშვიდობის ჯილდოს მიიღებენ იმ სიმამაცისთვის, რომელიც ფილიპინებსა და რუსეთში გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში გამოიჩინეს. ამავდროულად, ისინი წარმოადგენენ ყველა იმ ჟურნალისტს, რომლებიც იცავენ იმავე იდეალს სამყაროში, სადაც დემოკრატია და პრესის თავისუფლება მუდმივ დაბრკოლებებს აწყდება", — ვკითხულობთ ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

დმიტრი მურატოვი ერთ-ერთი დამფუძნებელია დამოუკიდებელი რუსული გაზეთისა ნოვაია გაზეტა, რომელიც ხშირად ღიად აკრიტიკებს პუტინის მმართველობას. მარია რესაც ასევე დამფუძნებელია ცნობილი გამოცემისა Rappler, რომელიც ფილიპინების პრეზიდენტის როდრიგო დუტერტეს რეჟიმს კრიტიკულად აშუქებდა.

შარშან მშვიდობის დარგში პრემია კვების მსოფლიო პროგრამამ მიიღო.

წელს ასევე უკვე დასახელდა ქიმიის, ფიზიკის, ფიზიოლოგიისა და მედიცინის და ლიტერატურის დარგის ლაურეატები.