ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის გამო, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მიემგზავრება. მისივე თქმით, ბათუმში ყველა დაშავებულსა და დაზარალებულს სახელმწიფო შესაბამის დახმარებას გაუწევს.

"ბათუმში უკვე გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრი და პირადად მე დღესვე გავემგზავრები და ადგილზე გავეცნობი ვითარებას", — წერს ღარიბაშვილი Facebook-ზე.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. ამ ეტაპზე უცნობია ნგრევის მიზეზიც.

ჯერჯერობით, რაც დადასტურებულად ცნობილია, ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ბავშვი გამოიყვანეს. ის საავადმყოფოში არის გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევაზე გამოძიება დაწყებულია, ხოლო დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

ჩვენ დამატებითი ინფორმაციის მიღებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან ვცდილობთ. დეტალებს უწყებებიდან პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.