ესპანეთში მეცნიერებმა პირველი "ცოცხალი სამკურნალო საშუალება" შექმნეს, რომელიც მათ სამედიცინო იმპლანტების ზედაპირზე მობინადრე ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. კვლევა გასულ კვირას ჟურნალ Molecular Systems-ში გამოქვეყნდა.

ბარსელონას გენომური რეგულაციების ცენტრის მკვლევრებმა მკურნალობის ამ მეთოდის შექმნა ბაქტერიებისგან იმ უნარის მოცილებით შეძლეს, რომლის საშუალებითაც ეს მიკროსკოპული ზომის ქმნილებები დაავადებას იწვევენ. ამის ნაცვლად მათ მავნე მიკრობებზე თავდასხმის ფუნქცია მიანიჭეს.

კვლევა თაგვებზე ჩატარდა. მოხსენების მიხედვით, მათ კანქვეშ აღნიშნული წამლის შეყვანის შემდეგ ის ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში შემთხვევათა 82%-ში წარმატებული აღმოჩნდა.

ახალი მეთოდის საჭიროება

ანტიბიოტიკ-რეზისტენტული ბაქტერიების საწინააღმდეგო წამლების შექმნა წარმოადგენს დიდ წინ გადადგმულ ნაბიჯს ისეთი სამედიცინო იმპლანტების ზედაპირებზე გავრცელებული ინფექციების სამკურნალოდ, როგორებიცაა სახსრის პროთეზები, კათეტერები და კარდიოსტიმულატორები. აღსანიშნავია, რომ საავადმყოფოდან ინფიცირების ყოველი 5 შემთხვევიდან 4-ზე სწორედ აღნიშნული ანტიბიოტიკ-რეზისტენტული ბაქტერიები არიან პასუხისმგებელნი.

ახალი მეთოდის სამიზნეს ბიოფილმები — ბაქტერიული უჯრედის კოლონიები წარმოადგენენ, რომლებიც ზედაპირზე ერთად ლაგდებიან და შეუღწევად სტრუქტურებს ქმნიან ანტიბიოტიკებისა და ადამიანის იმუნური სისტემისთვის, რაც მათ განადგურებას განსაკუთრებით ართულებს.

სამედიცინო იმპლანტებზე ბიოფილმების ზრდისთვის იდეალური გარემოა, მათთან დაკავშირებული ბაქტერიები კი ათასჯერ უფრო მდგრადები არიან ანტიბიოტიკების მიმართ, ვიდრე თავისუფლად მოტივტივე ბაქტერიები.

ბიოფილმებთან დაკავშირებული ბაქტერიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა Staphylococcus aureus არის, რომელიც ჩვეულებრივ ანტიბიოტიკებზე არ რეაგირებს, პაციენტებში კი დაინფიცირებული სამედიცინო იმპლანტის ქირურგიული ჩარევის გზით მოცილების საჭიროებას აჩენს.

ალტერნატიული მკურნალობის გზები, როგორიცაა ანტისხეულების ან ფერმენტების გამოყენება, ნორმალური ქსოვილებისა და უჯრედებისთვის მაღალი ტოქსიკურობით გამოირჩევიან და, შესაძლოა, არასასიამოვნო გვერდითი ეფექტები გამოიწვიონ.

კვლევის მიმდინარეობა

კვლევის ავტორებმა დაიწყეს იმის შესწავლა, იქნებოდა თუ არა პირდაპირ ბიოფილმების მახლობლად ფერმენტების წარმოქმნა უფრო იაფი და უსაფრთხო სამკურნალო გზა ინფექციებთან საბრძოლველად.

Mycoplasma pneumoniae-ზე — ბაქტერიების გავრცელებულ სახეობაზე მუშაობით მეცნიერებმა პირველად მისი მოდიფიცირება შეძლეს, რათა ორგანიზმში შეყვანისას რაიმე დაავადება არ გამოეწვია, შემდეგ კი მის გენომში დამატებითი შესწორებები შეიტანეს და მას ორი განსხვავებული ფერმენტის წარმოების ფუნქცია მიანიჭეს. ეს ფერმენტები ბიოფილმებს შლიან და ბაქტერიის უჯრედის კედელს უტევენ.

"ჩვენი ტექნოლოგია, რომელიც სინთეტურ ბიოლოგიასა და ცოცხალ ბიოთერაპიებზეა დაფუძნებული, ფილტვებში გამოსაყენებლად უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის სტანდარტებთან შესაბამისობაშია შექმნილი. მის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს სასუნთქი გზების დაავადებები წარმოადგენს. ჩვენთვის შემდეგი გამოწვევა წამლის ფართომასშტაბიანი წარმოებაა, რომლის კლინიკური შემოწმებების 2023 წელს დაიწყება", — განაცხადა მარია ლუჩმა, კვლევის თანაავტორმა.

ლუის სერანო, გენომური რეგულაციის ცენტრის დირექტორი და კვლევის თანაავტორი ამბობს: "ბაქტერია იდეალურ სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენს "ცოცხალი წამლისთვის", რადგან მას შეუძლია დაავადების წყარომდე ნებისმიერი სამკურნალო ცილა გადაიტანოს. ამ ტექნოლოგიების ერთ-ერთ უდიდეს სარგებელს კი ის წარმოადგენს, რომ როდესაც ბაქტერიები სამიზნე ადგილს მიაღწევენ, მათი ვექტორები თერაპიული მოლეკულების უწყვეტ და ლოკალურ წარმოებას უზრუნველყოფენ".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.