ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ჰარვარდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა 16 მილიონი წლით დათარიღებულ დომინიკურ ქარვაში ნელამავალი აღმოაჩინეს, რომელიც აქამდე უცნობ სახეობას მიეკუთვნება. ამის შესახებ ისინი გამოცემაში Proceedings of the Royal Society B გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.

ეს გახლავთ ამ უხერხემლო ცხოველის ჩვენს ხელთ არსებული მეოთხე ნამარხი, რომელიც ოფიციალურადაა სახელდებული. ასევე, პირველი, რომელიც კაინოზოური ერის გეოლოგიური შრიდან არის მოპოვებული.

ნიმუში Isohypsibioidea-ს ოჯახში შემავალი, Paradoryphoribius chronocaribbeus-ად წოდებული ნელამავალია. მისი სხეულის ზომა ნახევარ მილიმეტრს ოდნავ აღემატება. სპეციალისტებმა ამ უმცირესი ორგანიზმის კონფოკალური მიკროსკოპით გადაღება შეძლეს, რისი მეშვეობითაც მის პირის აპარატსა და ბრჭყალებს უპრეცედენტოდ დეტალურად დააკვირდნენ.

"ნელამავლის ნამარხის აღმოჩენა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. მათ ის გამოარჩევთ, რომ დედამიწაზე დინოზავრების განადგურებიდან დაწყებული და ხმელეთზე მცენარეთა ფართომასშტაბიანი გავრცელებით დამთავრებული, ყველაფერს მოესწრნენ. ამის მიუხედავად, პალეონტოლოგების მიერ მათი მემკვიდრეობითი ხაზი, ნიმუშების სიმცირის გამო, დღემდე ბოლომდე არაა შესწავლილი. სწორედ ამიტომ, ეს მიგნება ამაღელვებელია და მათი განვითარების ემპირიულად გაანალიზების საშუალებას იძლევა", — აცხადებს ნაშრომის თანაავტორი, ფილ ბარდენი.

ფოტო: Harvard/NJIT

ნელამავლები გამძლეობით ხასიათდებიან. ისინი რამდენიმე მასობრივ გადაშენებას გადაურჩნენ, თუმცა დღემდე ნამარხის სახით ძალიან ცოტა მათგანია შემონახული. აქედან გამომდინარე, მათი ევოლუციური ისტორიის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით.

ქარვაში არსებული ნიმუში თვეების განმავლობაში შეუმჩნეველი იყო, რის მიზეზადაც მეცნიერები ცხოველთა მცირე ზომას ასახელებენ. ის მათ თავდაპირველად უბრალო ლაქა ეგონათ, თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ საქმე სულ სხვა რამესთან ჰქონდათ.

მისმა შესწავლამ გამოკვეთა დეტალები, რომლებიც დედამიწაზე ამჟამად მობინადრე ნელამავლებში არ გვხვდება. შესაბამისად, დაასკვნეს, რომ ის სრულიად ახალი სახეობის წარმომადგენელია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.