კომპანია Caltech-ის მკვლევრებმა ახალი რობოტი დრონი შექმნეს, რომელსაც სიარულიც შეუძლია და ფრენაც. მას LEONARD (LEgs ONboARD drone) ჰქვია და ნახევრად ჰუმანოიდი რობოტია, ნახევრად კი დრონი. ის იმდენად "გაწონასწორებულია", რომ ბაგირზე სიარულს თავს მშვენივრად ართმევს, ისევე როგორც სკეიტბორდით გადაადგილებას.

უნდა ითქვას, რომ მკვლევრების მიზანი მასპროდუქციისთვის გამოსადეგი რობოტის შექმნა არ ყოფილა. მათ უნდოდათ დაეტესტათ ახალი გზები, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა, გადაადგილებასთან დაკავშირებული დაბრკოლება გადალახონ რობოტებმა, რომლებიც ადამიანისთვის სახიფათო სამუშაოს შესასრულებლად არიან შექმნილი და ამავდროულად, ძნელად მისადგომ ადგილებში უწევთ ამა თუ იმ დავალების შესრულება.

მკვლევართა გუნდის თქმით, მათ ქმნილებას შეეძლება სპეციალურ მისიებში მონაწილეობა სხვა პლანეტებსა თუ თანამგზავრებზეც კი, როგორიც მაგალითად მარსია, ან სატურნის მთვარე ტიტანი.

"შთაგონება ბუნებისგან ავიღეთ. კომპლექსურ, მაგრამ ჯერაც დამაინტრიგებელ მოქმედებას ვხედავთ მაშინ, როცა ფრინველები დადიან ფრენამდე. ჩვენ გვინდოდა ამ მოვლენაზე დაკვირვება და მისი გაგება", — თქვა ჯო ჩუნგმა, რომელიც ამ თემაზე ჟურნალ Science Robotics–ში გამოქვეყნებული კვლევის მთავარი ავტორია.

ახლა გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რობოტის მიერ მოხმარებული ენერგიის დაზოგვაზე ზრუნვაა, იმისათვის, რომ მან ფრენაც შეძლოს და სიარულის გზით, გარკვეული დისტანციის დაფარვაც.

"იმის მიხედვით, თუ გადაადგილებისას რა ტიპის დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდება, LEO-ს შეუძლია აირჩიოს ივლის, თუ იფრენს, თუ შეანაცვლებს ამ ორ რეჟიმს, საჭიროებისამებრ", — ამბობს პატრიკ სპიელერი, რომელიც ნაშრომის თანაავტორია. "გარდა ამისა, LEO-ს შეუძლია უჩვეულო მანევრები განახორციელოს, მაგალითად სკეიტბორდით და ბაგირზე სიარული, რისთვისაც ადამიანსაც კი სჭირდება ფიზიკური მომზადება", — დასძინა მან.

შემდეგი ნაბიჯი LEO-ს წონის შემცირება და მისი პროპელერების იმპულსის გაზრდაა, რაც რობოტს მეტი მანძილის დაფარვის საშუალებას მისცემს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე