შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები პოლიციამ თბილისში, წყნეთში დააკავა. უწყების ცნობით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა კვარაცხელიას მისამართით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და მეორე ბრალდებულთან ერთად ნაქირავები მანქანით მიიმალა.

"მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე ჩაუსაფრდნენ ნ.კ.-ს. ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნ.კ.-ს მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან ნაქირავები ავტომანქანით გ.კ.-სთან ერთად მიიმალა", — აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ნიკა კვარაცხელია 15 სექტემბერს ანჯაფარიძის ქუჩაზე დაჭრეს, რის შემდეგაც კლინიკაში გარდაიცვალა. ის Forbes-ის 30 წლამდელთა სიაში იყო. კვარაცხელია, ასევე, საქართველოში ონლაინ-პლატფორმა Feedc შემქმნელია.

შსს-ს ცნობით, საქმეში ბრალდებულები 21 წლის ა.ჭ. და 22 წლის გ.კ. არიან, რომლებიც უწყების განცხადებით, კვარაცხელიას მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებდნენ. მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ 2 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად 20 სექტემბერს შეუფარდეს.