მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინის ფართო გამოყენება დაუშვა იმ რეგიონებში, რომლებშიც ინფექცია ყველაზე მეტადაა გავრცელებული. ეს ამ მომაკვდინებელ დაავადებასთან ხანგრძლივი ბრძოლის დასრულებაში დაგვეხმარება.

მალარია პარაზიტის ნაკბენით გამოწვეული დაავადებაა, რომლის დამარცხებასაც კაცობრიობა უკვე დიდი ხანია ცდილობს. მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად მას 400 000-ზე მეტი ადამიანი ეწირება, ძირითადად, სუბსაჰარულ აფრიკაში. ამ მიზეზით იქ წელიწადში 260 000 ბავშვი კვდება.

WHO-ს მიერ დამტკიცებული ვაქცინა ამ მხრივ იმედის მომცემია. მას Mosquirix ეწოდება და 30 წლის განმავლობაში იქმნებოდა. პრეპარატის მეშვეობით, ორგანიზმი იმუნიტეტს გამოიმუშავებს Plasmodium falciparum-ის სახელით ცნობილი პარაზიტის წინააღმდეგ, რომლის ნაკბენიც მალარიის ყველაზე მძიმე ფორმას იწვევს.

Mosquirix გახლავთ პირველი მსგავსი ვაქცინა, რომელმაც ფართომასშტაბიანი კლინიკური ტესტირება სრულად გაიარა და დადებითი შედეგი აჩვენა.

"ეს ისტორიული მომენტია. მალარიის ვაქცინა ბავშვებისთვის მეცნიერებაში, პატარების ჯანდაცვაში და ინფექციის კონტროლის მიმართულებით მიღწეული სერიოზული გარღვევაა, რომელსაც მრავალი წელი ველოდით. სხვა მეთოდებთან ერთად მისი გამოყენება ყოველწლიურად ათობით ათასი ახალგაზრდის სიცოცხლეს იხსნის", — განაცხადა WHO-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა.

4 წლის განმავლობაში ჩატარებული ცდების ფარგლებში ბრიტანული კომპანიის GlaxoSmithKline მიერ დამზადებულმა ვაქცინამ მალარიის 10 შემთხვევიდან 4-ის პრევენცია მოახერხა ბავშვებში, რომელთაც მისი 4 დოზა ჰქონდათ მიღებული. დაავადების მწვავე ფორმის დროს ეს მაჩვენებელი 10-ში 3 იყო.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, პრეპარატით საცდელი იმუნიზაცია კენიაში, განასა და მალავიში განხორციელდა. 2019 წლიდან მოყოლებული, ამ ქვეყნებში მცხოვრები 800 000 ბავშვი აიცრა. შედეგად, მძიმე მალარიის შემთხვევების რაოდენობა 30 პროცენტით შემცირდა.