ციხიდან გამოსვლის შემდეგ პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. ბოტკოველის თქმით, სააკაშვილს ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვდა, მისი საკნის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და ექსპრეზიდენტისთვის სისუსტე არ შეუმჩნევია.

"მას გადავეცი მისი უწმინდესობის მოკითხვა და ლოცვა–კურთხევა და გადავეცი მისი უწმინდესობის თხოვნა, შიმშილობასთან დაკავშირებით. ბატონმა მიხეილმა მოიკითხა მისი უწმინდესობა, მთხოვა გადავცე, რომ მას პატივს სცემს და მოვიკითხო დიდი პატივისცემით. რაც შეეეხება შიმშილობასთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ის ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს, ასე რომ ამ თხოვნასთან დაკავშირებით ასეთი პასუხი მითხრა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა", — აცხადებს მიქაელ ბოტკოველი.

მამა მიქაელ ბოტკოველი რუსთავის მე–12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა. საპატრიარქოს ინფორმაციით, ის პატრიარქის დავალებით შევიდა ექსპრეზიდენტთან და შიმშილობის შეწყვეტისკენ უნდა მოეწოდებინა.

"დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ბატონ მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება", — აცხადებენ საპატრიარქოში.

27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ბილეთების ფოტო, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2 ოქტომბერს, ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო. მმართველ გუნდში ამბობდნენ, რომ ის სიტყვას ისევ უღალატებდა და ჩამოსვლას ვერ გაბედავდა, მაგრამ თუ მაინც გაბედავდა, აეროპორტშივე დააკავებდნენ. თუმცა, არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს, სააკაშვილმა დაპოსტა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. რამდენიმე საათში მან ორი ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ ბათუმშია და აქტიურად აპირებს ბრძოლას.

სანამ სააკაშვილი მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდებდა, ქართულ ოცნებაში ამტკიცებდნენ, რომ ის არათუ ქვეყანაში შემოვიდა, უკრაინაში იყო. იმავეს ამბობდა შინაგან საქმეთა სამინისტროც და ამტკიცებდა, რომ მას არც უკრაინის და არც საქართველოს საზღვრები არ გადაუკვეთავს. ამ განცხადებებიდან რამდენიმე საათში პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ სააკაშვილი დაკავებულია და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, იმედის ეთერში პრემიერმინისტრი ამტკიცებდა, რომ ყველაფერი წინასწარ იცოდნენ და "ოპერატიული ტაქტიკის" გამო უწევდათ საპირისპირო განცხადებების გაკეთება.

პროკურატურის განცხადებით, საზღვრის უკანონოდ კვეთაზე მის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტს არასდროს შეიწყალებს, რადგან მას ქვეყნის წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი. ექსპრეზიდენტი კი ბრალს არ აღიარებს, თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და შიმშლობა დაიწყო.

ვინაიდან სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მისმა პატიმრობამ კითხვები გააჩინა პარტნიორ ქვეყანაშიც. კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერებმა დაპოსტეს, რომ ქართული მხარისგან განმარტებებს ელიან. პასუხად საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ საელჩოს დიპლომატი ადგილობრივ უწყებას საჭირო ინფორმაციას მიაწვდის.