ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ციხეში "სასათბურე პირობებს ვერ შეუქმნიან" და თუ ტელევიზორი სურს, ნათესავებმა უნდა მიუტანონ.

"კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მისი უფლებაა, თუ უნდა იშიმშილოს, პროტესტის სხვა ფორმები გამოხატოს, უბრალოდ არგუმენტირებული უნდა იყოს. რაც შეეხება კომფორტს, ბოდიში ახლა, პირიქით, მე მგონი განსხვავებას ნახავდა — რა ციხე დატოვა მან 2012 წელს და როგორ საპყრობილეში ზის ახლა.

რაც შეეხება ახლა ტელევიზორს, ინტერნეტს და ა.შ. რომ იცოდეთ, ტელევიზორი პროტოკოლით არ არის გათვალისწინებული, ნათესავებმა მიუტანონ, ასე ხდება. ხოლო მობილური და ისა, შეზღუდულია და იმ გრაფიკით მიეწოდება, როგორც დანარჩენ პატიმრებს. არაფერი განსაკუთრებული, მისთვის სასათბურე პირობები ვერ და არ იქნება", — აცხადებს ზარქუა.

ქართული ოცნების წევრი აღნიშნავს იმასაც, რომ ექიმების სჯერა და თუ სააკაშვილს შიმშილობის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნება, იმედი აქვს, რომ ისინი დაეხმარებიან.

არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა დაპოსტა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. რამდენიმე საათში მან კდევ ორი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ ბათუმშია და აქტიურად აპირებს ბრძოლას. ქართულ ოცნებაში ამტკიცებდნენ, რომ ის არათუ ქვეყანაში არ შემოსულა, არამედ კვლავ უკრაინაში იყო. ამ განცხადებებიდან რამდენიმე საათში პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ სააკაშვილი დაკავებულია და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გაიგეთ მეტი: