"იაზროვნეთ არასტანდარტულად, ყოველთვის იფიქრეთ, რომ არ აირჩიოთ ჩვეულებრივი გზა" - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016-2017 წლების ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდა გამომგონებლებს, რომლებსაც დღეს ზუგდიდის ტექნოლოგიურ პარკში შეხვდა.

გამარჯვებულმა გუნდის Smart Kids-ის წევრები სენაკში, მე-8კლასის მოსწავლეები არიან, ხოლო მათი პროექტის სახელწოდებაა - „გეოლოგიური საფრთხეები“. ინოვაციური პროექტი წარმოადგენს შეტყობინების სისტემას მეწყერსაშიში ზონებისთვის, რომელიც განსაკუთრებული სიზუსტით, საიმედოობითა და სტაბილურობით გამოირჩევა.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვების შედეგად, გუნდი 2017 წლის 1-5 მაისს NASA-ში მიემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსის ეროვნული სააგენტოს (NASA) უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში.

პრემიერმა ახალგაზრდა გამომგონებლებს მიღწეული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ახალი ტექნოლოგიური პარკი ნიჭიერ ახალგაზრდებს, მსგავსი ინოვაციური იდეების ხორცშესხმაში შეუწყობს ხელს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტექნოლოგიური პარკები ყველა ქალაქში გაიხსნება, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობაში არსებული პოტენციალის ათვისებას.

ფოტო: სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა