კორონავირუსის ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზა დასაშვები იქნება მეორე ვაქცინის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ. ეს გადაწყვეტილება დღეს, 7 ოქტომბრის, იმუნიზაციისა და საკოორდინაციო საბჭოების გაერთიანებულ სხდომაზე მიიღეს.

"საბჭომ მხარი დაუჭირა ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ 50 წლის ზემოთ პირებში, ასევე, ნებისმიერ ასაკის პირებში, რომელთაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება. ასევე, მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც გახლავთ სამედიცინო პერსონალი, ასევე, დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშრომლები", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ვაქცინის დამატებითი დოზების გაკეთების საშუალება ექნებათ იმ ადამიანებსაც, ვისაც უცხოეთში ვიზიტისთვის სჭირდებათ იმ კონკრეტულ ქვეყანაში აღიარებული ვაქცინის გაკეთების დამადასტურებელი ცნობა. ამ შემთხვევაში პირობაა, რომ პირველი ვაქცინაციიდან გასული იყოს, მინიმუმ, 28 დღე.

"ბოლო პერიოდის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს მომართა არაერთმა მოქალაქემ, რომლებსაც უწევთ მოგზაურობა უცხოეთში სხვადასხვა მიზნებიდან გამომდინარე. ისინი ითხოვდნენ ვაქცინაციას იმ ვაქცინით, რომელიც აღიარებულია ევროკავშირში, აშშ-ში. ამდენად, მათთვის მნიშვნელოვანი იყო განმეორებითი ვაქცინაცია ამ დოზებით.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების რეკომენდაციის თანახმად, განსხვავებული ვაქცინით ვაქცინაცია დასაშვებია პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგ. ამდენად, ჩვენ შემთხვევაშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს რეკომენდაცია და დავუშვათ ამ პირების განმეორებითი რეგისტრაცია მათ მიერ მოთხოვნილი ვაქცინით, რაც გამომდინარეობს მოგზაურობის ან ბიზნეს მიზნებიდან", — განმარტავს გაბუნია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მოგზაურობის მიზნებიდან გამომდინარე დამატებითი ვაქცინის მოთხოვნით მოქალაქეებმა უნდა მიმართონ ამცრელ დაწესებულებას და თან იქონიონ მიზნობრიობის, ანუ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ე.წ. ბუსტერ დოზად შესაძლებელია აირჩიო ქვეყანაში არსებული ვაქცინებიდან ნებისმიერი. იაშვილის კლინიკის დირექტორი, ივანე ჩხაიძე აზუსტებს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით აცრილი მოქალაქეებისთვის ე.წ. ბუსტერი საჭირო არ არის.

"ბუსტერ დოზა არ ეხება ყველა ვაქცინას. საქართველოში არსებული ოთხი მწარმოებლიდან, AstraZeneca-ს აქვს გაცხადებული, რომ მისი ვაქცინა ორი დოზის გაკეთების შემდეგ არ საჭიროებს გაძლიერებას, ბუსტერს, ვინაიდან, მისი იმუნიტეტი გრძელდება ხანგრძლივად", — განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, Pfizer-ის ვაქცინა გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ "მნიშვნელოვნად კარგავს თავის დამცველობით ძალას".

გაიგე მეტი: