ევროკავშირთან ასოცირების საპარლამენტო საბჭოს თანათავმჯდომარემ, მარინა კალიურანდმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ სააკაშვილის მოწოდების მიუხედავად რუსთაველზე ხალხის არგამოსვლა, მისთვის ერთგვარი სიგნალი იყო იმისა, რომ ექსპრეზიდენტმა ძალაუფლება დაკარგა.

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როდესაც სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა, მან დაარღვია კანონი და პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შესვლაზე. მის ჩასვლას ჰქონდა თუ არა გავლენა არჩევნებზე? სავარაუდოდ, კი.

ჩემი დაკვირვებით, სააკაშვილმა მოუწოდა ასი ათასობით ადამიანს, რომ გამოსულიყვნენ რუსთაველზე და გამოეხატათ მათი ნება, ხალხი არ გამოვიდა, ეს ჩემთვის სიგნალი იყო იმისა, რომ მან პოლიტიკური ძალაუფლება დაკარგა და აღარ შეეძლო ელაპარაკა ხალხთან ისე, როგორც ამას ადრე აკეთებდა. ახლა დიდი კითხვაა ნაციონალური მოძრაობის მისამართით, რა არის პარტიის მომავალი, არიან ისინი სააკაშვილთან, სააკაშვილის გვერდით, თუ სააკაშვილის გარეშე", — განაცხადა მან ონლაინ დისკუსიაზე.

სააკაშვილის ჩამოსვლა და დაკავება

27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ბილეთების ფოტო, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2 ოქტომბერს, ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო. მმართველ გუნდში ამბობდნენ, რომ ის სიტყვას ისევ უღალატებდა და ჩამოსვლას ვერ გაბედავდა, მაგრამ თუ მაინც გაბედავდა, აეროპორტშივე დააკავებდნენ. თუმცა, არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს, სააკაშვილმა დაპოსტა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. რამდენიმე საათში მან ორი ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ ბათუმშია და აქტიურად აპირებს ბრძოლას.

სანამ სააკაშვილი მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდებდა, ქართულ ოცნებაში ამტკიცებდნენ, რომ ის არათუ ქვეყანაში შემოვიდა, უკრაინაში იყო. იმავეს ამბობდა შინაგან საქმეთა სამინისტროც და ამტკიცებდა, რომ მას არც უკრაინის და არც საქართველოს საზღვრები არ გადაუკვეთავს. ამ განცხადებებიდან რამდენიმე საათში პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ სააკაშვილი დაკავებულია და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, იმედის ეთერში პრემიერმინისტრი ამტკიცებდა, რომ ყველაფერი წინასწარ იცოდნენ და "ოპერატიული ტაქტიკის" გამო უწევდათ საპირისპირო განცხადებების გაკეთება.

პროკურატურის განცხადებით, საზღვრის უკანონოდ კვეთაზე მის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. მათივე ვერსიით, სააკაშვილი საქართველოში 29 სექტემბერს შემოვიდა და ზუგდიდშიც იყო. თანაგუნდელები კი ამბობენ, რომ დაკავებამდე ის ქვეყანაში 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი შემოსვლის საქმეზე 3 პირი დააკავეს.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტს არასდროს შეიწყალებს, რადგან მას ქვეყნის წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი. ექსპრეზიდენტი კი ბრალს არ აღიარებს, თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და შიმშილობას იწყებს.

ვინაიდან სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მისმა პატიმრობამ კითხვები გააჩინა პარტნიორ ქვეყანაშიც. კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერებმა დაპოსტეს, რომ ქართული მხარისგან განმარტებებს ელიან. პასუხად საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ საელჩოს დიპლომატი ადგილობრივ უწყებას საჭირო ინფორმაციას მიაწვდის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის, როგორც უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში აბრუნებს და ეს სააკაშვილსაც ეხება.