"მხუთავი აირი რა შუაშია, ხომ მიხვდით რაც იგულისხმა?", — ასე პასუხობს ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ფეისბუქპოსტზე დასმულ შეკითხვას, სადაც ის მხუთავი აირის გამოყენებაზე საუბრობდა

მისივე მტკიცებით, "როცა აქცია ძალადობის ფორმას იღებს, იქ ყველა სახელმწიფოში ხდება მსგავსი რამ".

"რად გინდათ ახლა ამაზე სპეკულაციები, ეს არის თქვენი კითხვა, ამიტომ შეყოვნდით ამდენი ხანი, რომ ეს კითხვა დაგესვათ?" — უთხრა ყაველაშვილმა მთავარი არხის ჟურნალისტს.

დღეს, 6 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი საქართველოში ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა, თუმცა მისი "რევოლუციური განზრახვა" ყველა შემთხვევაში წარუმატებლობისთვის იყო განწირული, რადგან 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია "წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის გამოყენებით" დაშლიდა შეკრებას, სააკაშვილს კი დააკავებდა.

პოსტის აღნიშნულ ნაწილს იურისტები გამოეხმაურნენ. გიორგი მშვენიერაძემ ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ პრემიერმინისტრმა იმდენიც არ იცის, მხუთავ აირსა და ცრემლსადენ გაზს შორის რა განსხვავებაა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილა განაცხადა, რომ ცრემლსადენი გაზისა და მხუთავი აირის გარჩევას იურისტობა არ სჭირდება.

"რა მხუთავი აირი? ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ვართ?" — თქვა სიმონიშვილმა.

მოგვიანებით, კრიტიკის შემდეგ ღარიბაშვილმა aდაკავშირებით გამოქვეყნებულ ფეისბუქპოსტში "მხუთავი აირი" "ცრემლსადენი გაზით" ჩაანაცვლა.