გაეროს დაქვემდებარებაში არსებული მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები გვაფრთხილებენ, რომ 2050 წლისთვის, შესაძლოა, 5 მილიარდზე მეტ ადამიანს არასაკმარისი წყლის რესურსის პრობლემასთან გამკლავება მოუწიოს. მათ მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ჯერ კიდევ 2018 წელს, წელიწადში სულ მცირე 1 თვის განმავლობაში მსგავს ნაკლებობას 3.6 მილიარდი ინდივიდი განიცდიდა.

სპეციალისტთა კვლევამ აჩვენა, რომ უკანასკნელ 20 წელიწადში დედამიწის ზედაპირზე, მიწის ქვეშ, თოვლსა და ყინულში წყლის დონე თითო წელში 1 სანტიმეტრით მცირდებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკარგი ანტარქტიდის კონტინენტსა და კუნძულ გრენლანდიაზე დაფიქსირდა. კრიზისის წინაშე დადგა ქვედა განედების მიმდებარე, მჭიდროდ დასახლებული მრავალი რეგიონიც, რომელსაც, როგორც წესი, სითხის მარაგი აქამდე უხვად მოეპოვებოდა.

"ტემპერატურის მატება გლობალური და რეგიონული მასშტაბით ატმოსფერული ნალექის ცვლილებას იწვევს. ამას გავლენა აქვს, როგორც წვიმის განაწილებაზე, ასევე სასოფლო-სამეურნეო სეზონებზე. მთავარი დარტყმა საკვების ხელმისაწვდომობასა და ადამიანის ჯანმრთელობას ადგება", — აცხადებს ორგანიზაციის გენერალური მდივანი, პეტერი ტაალასი.

აღსანიშნავია, რომ 2000 წლიდან მოყოლებული დღემდე, წინა 2 დეკადასთან შედარებით, წყალდიდობასთან დაკავშირებული კატასტროფები 134 პროცენტით გახშირდა. ასევე, ატმოსფეროში ტენიანობა 7 პროცენტით გაიზარდა.

დატბორვების შედეგად, მსხვერპლის და ეკონომიკური დანაკარგის მხრივ ყველაზე მეტად აზია დაზარალდა. ამავე დროს, 30 პრიცენტით გახანგრლივდა გვალვის პერიოდი, რაც განსაკუთრებულად აფრიკის კონტინენტზე აისახა.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ ეს მონაცემები გაითვალისწინონ და სიტუაციის გამოსასწორებლად ქმედითი ნაბიჯები რაც შეიძლება სწრაფად გადადგან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.