რუსი მსახიობი, იულია პერესილდი დედამიწის გარშემო მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაემგზავრა. იქ მასთან ერთად კინორეჟისორი კლიმ შიპენკოც იმყოფება. ისინი ჩვენი პლანეტის ორბიტაზე ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან სამშაბათს დილით გაფრინდნენ.

მათი მიზანი კოსმოსში პივრელი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებაა. რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელი, დმიტრი როგოზინი იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი ამ მხრივ ქვეყნის ამბიციების წარმოჩენასა და ნიჭიერი ახალგაზრდების მოზიდვაში დაეხმარება.

კინო ჯგუფი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე Soyuz-ის ტიპის რუსულმა ხომალდმა აიყვანა. აღსანიშნავია, რომ ფრენას ხარვეზის გარეშე არ ჩაუვლია. კაფსულის დანიშნულების ადგილამდე მისვლის პროცესი პროგრამული და კავშირის პრობლემების გამო შეფერხდა. რუსულ მოდულზე აპარატის მიერთება ვეტერანმა კოსმონავტმა და ეკიპაჟის მესამე წევრმა, ანტონ შკაპლეროვმა ითავა.

ეკიპაჟი დედამიწის ორბიტაზე დაახლოებით 1 კვირას გაატარებს და "გამოწვევის" სახელით ცნობილი ფილმის სცენებს გადაიღებს. კინოსურათის სიუჟეტი ქირურგის გარშემო ვითარდება, რომელიც კოსმონავტის სიცოცხლის გადასარჩენად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიემგზავრება. მასში ISS-ში გადაღებული 35-40-წუთიანი მოქმედებები შევა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ამით ჰოლივუდს დაასწრო. შეგახსენებთ, რომ ამერიკა ISS-ზე იმავე მიზნით მალე ტომ კრუზსაც გაუშვებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.