ისრაელში არქეოლოგებმა ფრიად განსხვავებული სამეფო "ტახტი" ამოთხარეს —განსაკუთრებით იშვიათი საპირფარეშო, რომელიც ანტიკური ხანით თარიღდება.

კერძო ტუალეტი Israel Antiquities Authority-ის მიერ იქნა აღმოჩენილი ახლანდელი არქეოლოგიური გათხრებისას, რომელიც აღმოსავლეთ ტალპიოტში, იერუსალიმში ჩატარდა. მათი ნაშრომის მიხედვით, საპირფარეშოს დაახლოებით 2 700 წლის წინ იყენებდნენ — მაშინ, როცა იუდეის მეფეთა მმართველობის პერიოდი სრულდებოდა (ძვ.წ. VII საუკუნე).

შესაძლოა, საპირფარეშო თანამედროვე სამყაროს დიდი ნაწილისათვის საკმაოდ ბანალური ობიექტი გეჩვენოთ, თუმცა უძველეს მსოფლიოში იგი უაღრესად იშვიათი რამ გახლდათ. ის, ვისაც ესოდენ დიდებულ ტახტზე დაჯდომის პატივი ხვდა წილად, სავარაუდოდ, ძალიან ძლიერი, პრივილეგირებული და მდიდარი პიროვნება ბრძანდებოდა. ანტიკურ კულტურაში პირადი ტუალეტის ფლობა მაღალი სოციალური სტატუსის სიმბოლო იყო. იგი მხოლოდ ყველაზე პრესტიჟული ფენის წარმომადგენლებს ერგებოდათ.

"ძველ მსოფლიოში პირადი ტუალეტი ძალიან იშვიათი რამ იყო და ამჟამადაც მხოლოდ რამდენიმე თუა აღმოჩენილი — უმეტესად დავითის ქალაქში. სინამდვილეში, მხოლოდ მდიდარი ადამიანები თუ გასწვდებოდნენ ტუალეტთა ქონას. ათასი წლის შემდეგ, მიშნამა და თალმუდმა რამდენიმე კრიტერიუმი წამოაყენა ადამიანის სიმდიდრის შესაფასებლად. რაბინმა იოსმა კი შემოგვთავაზა, რომ იყო მდიდარი, ნიშნავს "მაგიდის გვერდით ტუალეტი გქონდეს", — განაცხადა იაკოვ ბილიგმა, გათხრის ხელმძღვანელმა.

ფოტო: courtesy of Israel Antiquities Authority

ტუალეტი იმ შენობის ნანგრევებს შორის აღმოაჩინეს, რომელიც ერთ დროს დავითის ქალაქსა (იერუსალიმის ყველაზე ადრეული დასახლების ისტორიული სახელწოდება) და ტაძრების მთას (წმინდა რეგიონი, რომელიც იუდაიზმში, ქრისტიანობასა და ისლამში ფრიად პატივსაცემია) გადმოჰყურებდა .

საპირფარეშო მართკუთხა ფორმის სივრცეს წარმოადგენს, რომელიც კირქვისგან დამზადებულ დასაჯდომს გვთავაზობს. ტუალეტის ქვეშ გუნდმა უზარმაზარი სეპტიკური ავზი აღმოაჩინა, რომელიც იმდროინდელ კერამიკულ ნაწარმსა და ცხოველთა ძვლებს ინახავდა. მკვლევართა თქმით, ავზის შიგნეულობის გაანალიზებით შესაძლოა, იმდროინდელი ცხოვრების სტილის, ჯანმრთელების მდგომარეობისა და არსებული დაავადებების შესახებ ფასდაუდებელი ინფორმაცია მოიპოვონ.

ბილინგმა ისრაელურ გაზეთ Haaretz-თან საუბრისას განაცხადა, რომ საპირფარეშოში უამრავი პატარა თასიც აღმოაჩინეს. მისი ვარაუდით, ამ კონტეინერებს არომატული ზეთების ჩასასხმელად ან საკმევლის მოსათავსებლად იყენებდნენ, რომელიც ანტიკურ ხანაში ჰაერის გამწმენდის მაგივრობას სწევდა.

"გასაოცარი სანახავია, რომ ისეთი ჩვენთვის ჩვეულებრივი რამ, როგორიც ტუალეტია, იუდეის მეფეთა მმართველობის პერიოდში ფუფუნების საგანი გახლდათ. იერუსალიმი არასდროს წყვეტს ჩვენს გაოცებას", — განაცხადა ელი ესკოსიდომ, Israel Antiquities Authority-ის ხელმძღვანელმა — "განსაცვიფრებელი ხედის მხოლოდ წარმოდგენაა შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქის დიდებული წარსულის შესახებ მომავალში უფრო მეტს გავიგებთ და გარდასულ ეპოქასაც უკეთ შევიგრძნობთ".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.