რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ხელისუფლებაში ის პოლიტიკური პარტიაა, რომელიც არ ერიდება ტყუილს, სიძულვილის ენასა და ბოროტების დაბრალებას ოპოზიციური პარტიებისთვის. ასე ეხმაურება სამნიძე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ფეისქბუქპოსტს, სადაც ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, საკუთარ ვერსიებსა და თეორიებს განიხილავს.

სამნიძის თქმით, მმართველი პარტია ოპოზიციის დისკრედიტაციას ცდილობს, ამჯერად კი თავდასხმის ობიექტი ნაციონალური მოძრაობაა.

"რაც არ უნდა ვერსიებზე ისაუბროს ირაკლი ღარიბაშვილმა, ეს ჩემთვის დამაჯერებელი ვერ იქნება, იმიტომ, რომ ხელისუფლებაში არის პოლიტიკური პარტია, რომელიც არ ერიდება არც ტყუილს, არც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, არც სიძულვილის ენას და არც არანაირი ბოროტების დაბრალებას ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიაზე, რომელიც არ ეთანხმება მათ მოსაზრებებს. [...] რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის გარეშე არის მიმართული იქითკენ, რომ რაც შეიძლება მეტი ტალახი მეტი ზიზღი იყოს ოპოზიციური პარტიების მიმართ. რა თქმა უნდა, ეს არის მთლიანად ქართული ოცნებისა და გუნდის პოზიცია, ძალიან გაუჭირდათ, როგორც ჩანს, მეორე ტურების წინ, არის პანიკა", — ამბობს სამნიძე.

დღეს, 6 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე ვრცელი ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ავითარებს სხვადასხვა აზრს, განიხილავს ჭორსა და თეორიას იმაზე, თუ რატომ ჩამოვიდა ექსპრეზიდენტი ქვეყანაში. ვერსიებს შორის პრემიერს ნარკოტიკებზე დამოკიდებულება და სახელმწიფო გადატრიალებაც აქვს ისე, რომ ბრალდებების გასამყარებლად არა ფაქტები, არამედ საკუთარი მოსაზრებები მოჰყავს. ის დამამცირებელ კონტექსტში საუბრობს იმაზე, თითქოს "სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა". უცნობია, რას ეყრდნობა ღარიბაშვილი, თუმცა ამ თემაზე ირონიულად საუბარი აძლიერებს სტიგმას და დისკრიმინაციულია.

არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა დაპოსტა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. რამდენიმე საათში მან ორი ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ ბათუმშია და აქტიურად აპირებს ბრძოლას. ქართულ ოცნებაში ამტკიცებდნენ, რომ ის არათუ ქვეყანაში შემოვიდა, უკრაინაში იყო. ამ განცხადებებიდან რამდენიმე საათში პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ სააკაშვილი დაკავებულია და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.