2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ხათუნა რაზმაძე გახდა. ხათუნა წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის
მასწავლებელია. მას ფულადი პრიზის სახით კამპანიის გენერალურმა სპონსორმა,
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა 10 000 ლარი გადასცა.

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები იყვნენ:

  • სოფიო ბაჩილავა — თბილისის კერძო სკოლის ოპიზა მოქალაქეობის, სამოქალაქო განათლებისა და მე და საზოგადოების მასწავლებელი;
  • ლამარა ბოლქვაძე — მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისისა და კასუმლოს საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • გიტა თვალაბეიშვილი — თბილისის N168 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;
  • ხათუნა რაზმაძე — თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი;
  • აზა ხანგოშვილი — ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლების და სპორტის მასწავლებელი.

დაჯილდოების ცერემონია ვახტანგ სარალიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში გაიმართა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა, რომელიც საქართველოში უკვე მეხუთედ ხორციელდება, მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის The Global Teacher Prize ნაწილია.

კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc), ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.