ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსისა და გრიპის ვაქცინების ერთდროულად გაკეთება ადამიანის ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა და ორგანიზმს მათ წინააღმდეგ იმუნიტეტის ეფექტიანად გამომუშავებაში არ უშლის ხელს.

დიდ ბრიტანეთში მდებარე ბრისტოლის უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერები, რომლებმაც ცდა ჩაატარეს, კოლეგებთან ერთად აცხადებენ, რომ კორონავირუსის დამატებითი დოზის გრიპის ინიექციასთან ერთად მიღება საკმაოდ პრაქტიკულია. მათი თქმით, ეს სამედიცინო დაწესებულებებში იმუნიზაციის მსურველთა მიმართვიანობას და, შესაბამისად, საავადმყოფოების დატვირთვას საგრძნობლად შეამცირებს.

კვლევის შედეგები სპეციალისტებმა დიდი ბრიტანეთის ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გაერთიანებულ კომიტეტს, ასევე, მედიკამენტების მარეგულირებელ ორგანოებს უკვე წარუდგინეს. ეს ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, რომ შემოდგომასა და ზამთარში პაციენტების მისაღებად მოემზადონ.

ასევე, იხილეთ: Moderna კორონავირუსისა და გრიპის საერთო ვაქცინაზე მუშაობს

მეცნიერებმა საერთო ჯამში კორონავირუსის 2 და გრიპის 3 ვაქცინის 6 კომბინაცია 18 წელს გადაცილებულ 679 ადამიანზე გამოსცადეს, რომელთაც Pfizer/BioNTech-ის ან Oxford/AstraZeneca-ს პრეპარატის ერთი დოზა ჰქონდათ მიღებული.

მათ ნაწილს პირველი ვიზიტისას კორონავირუსისა და გრიპის ინიექციები გაუკეთეს, მეორე ჯერზე კი — პლაცებო. დარჩენილ მოხალისეებს სხეულში თავიდან მხოლოდ კორონავირუსის ვაქცინა შეუყვანეს, ხოლო შემდეგ პლაცებო მისცეს.

კვლევის ფარგლებში მწვავე უკუჩვენება არ დაფიქსირებულა. პაციენტებმა ორივე პათოგენის მიმართ ანტისხეულები ჩვეულებრივ გამოიმუშავეს. მათმა უმეტესობამ განაცხადა, რომ მსგავსი სახის იმუნიზაციას მომავალშიც ჩაიტარებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.