სკოლის პირველი დღე ყველასთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა: მოსწავლეების ერთი ნაწილი ამ თარიღის მოახლოებისას სიხარულით ცქმუტავს, რადგან ყოველ წელს მოუთმენლად ელიან, რომ თამაშ-თამაშით (და ცოტა სწავლითაც) სამყარო კიდევ უფრო უკეთ გაიცნონ; მეორე ნაწილს კი პირიქით, დიდად არ ახარებს ეს ამბავი, რადგან სახლის დატოვება უჭირს.

დაჩი ქართლელიშვილი იმათ შორისაა, ვისაც ერთი სული აქვს, როდის გაქუსლავს სკოლისაკენ. როგორც მისი დეიდა, ნინი აბუაშვილი გვიყვება, დაჩის "პირველივე კლასიდანვე ძალიან უხაროდა სკოლაში წასვლა და განსაკუთრებით პირველ დღეს ვერ ვაკავებდით სახლში — დილის 6 საათზე დაჭყეტილი აქვს ხოლმე თვალები".

ეს დღე პირველკლასელთან ერთად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისთვისაც და ყველას სურს, ამ მოვლენის ამსახველი კადრები შემოინახოს. ასე სთხოვეს დაჩისაც სკოლაში პირველად წასვლის დილით ფოტოს გადაღება, თუმცა მას იმდენად მიეჩქარებოდა ახალ გარემოში, რომ ფოტოსთვის არ სცხელოდა და შესაფერისი პოზაც მიიღო.

"პირველი კლასის პირველ დღესაც გიჟივით დარბოდა ქუჩაში და დიდხანს ვეხვეწე, ცოტა ხანი გაჩერდი, სერიოზულად იყავი, ფოტო უნდა გადაგიღო მეთქი და დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ აი, ეს ფოტო შემრჩა", — ამბობს ნინი აბუაშვილი.

ასე გადაიღეს 2016 წლის სექტემბერში პირველი ფოტო, რომელიც შემდგომ უკვე ერთი დიდი ტრადიციული სერიის დასაბამი გახდა.

ფოტო: Nini Abuashvili / Facebook

როგორც ნინი იხსენებს, მეორე წელსაც დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რომ სკოლაში წასვლის წინ დაჩისთვის ფოტო გადაეღოთ და ზუსტად იგივე სცენარი გამეორდა: შეწუხებული სახით იძულებით პოზიორობს ფოტოკამერის წინ.

ფოტო: Nini Abuashvili / Facebook

ხოლო აი, მესამე კლასიდან ყველაფერი შეიცვალა:

"ბოლო ოთხი წელია, უთენია მაღვიძებს, რომ გავყვე და სკოლის პირველ დღეს ფოტო გადავუღო", — აღნიშნავს ნინი.

ფოტო: Nini Abuashvili / Facebook

და სწორედ ასე შეიქმნა სახასიათო ფოტოსესია:

ამ ფოტოში დაჩი უკვე მეოთხეკლასელია.

ფოტო: Nini Abuashvili / Facebook

ეს ფოტო კი შარშანაა გადაღებული და დისტანციური სწავლების გამო დაჩის ზურგჩანთასთან ერთად ხელში მობილური ტელეფონი უჭირავს.

ფოტო: Nini Abuashvili / Facebook

ჯერჯერობით ბოლო ფოტო კი სულ ცოტა ხნის წინ, 4 ოქტომბერს გადაიღეს: ამჟამად მეექვსეკლასელი დაჩი დიდი ხნის შემდეგ პირველად დაესწრება ფიზიკურად გაკვეთილებს სკოლაში.

ფოტო: Nini Abuashvili / Facebook

როგორც ნინი ამბობს, დიდი იმედი აქვს, რომ სერია კიდევ ექვსი ფოტოთი შეივსება, სანამ დაჩი სწავლას დაასრულებს.