დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების აღმოფხვრელად გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებისთვის სპეციალური დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს. DRI-ს განცხადებით, მათ მიერ მიერ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლა ცხადყოფს, რომ გამყოფ ხაზთან მაცხოვრებელ ადამიანებს მწვავე სოციალურ- ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ. კერძოდ:

  • ბორდერიზაციის პირობებში მაცხოვრებლებს, გატაცების და უკანონო დაკავებების მუდმივ შიშში უწევთ ცხოვრება;
  • საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების ნაწილში ვერ სარგებლობენ გადაადგილების თავისუფლებით;
  • მათი უმრავლესობისთვის ყველაზე მწვავე პრობლემა სიღარიბე და უმუშევრობაა;
  • სოფლების დიდ ნაწილში არ ფუნქციონირებს სკოლამდელი დაწესებულებები და სკოლები;
  • დასახლებების ნაწილში დაზიანებულია შიდა გზები;
  • მოსახლეობას აწუხებს მცირემიწიანობა;
  • სოფლებში სარწყავი და სასმელი წყლის დეფიციტია;
  • არ ფუნქციონირებს აფთიაქები და სამედიცინო პუნქტები;
  • სოფლები ახალგაზრდებისგან იცლება.

"საჭიროა დამატებითი ძალისხმევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში სოციალურ- ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად. ადგილობრივ დონეზე გასაწევ ძალისხმევასთან ერთად, მნიშვნელოვანია, საკითხის საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე მოწესრიგება.

სპეციალური დასახლების სტატუსის მინიჭებამდე კი, მიზანშეწონილია, საოკუპაციო ხაზთან მდებარე 116-ივე სოფელზე გავრცელდეს საქართველოს კანონით მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ დადგენილი შეღავათები", — აცხადებენ DRI-ში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე 116-ივე სოფლისთვის სპეციალური დასახლების სტატუსის მინიჭების ინიციატივით პარლამენტის თავმჯდომარეს კახაბერ კუჭავასა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უკვე მიმართა.