საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს განცხადებით, ყოფილი გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, შალვა თადუმაძე მისი დიპლომის თაობაზე TI-ის აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს, ცილისწამებისთვის უჩივის.

ორგანიზაციის ინფორმაციით, თადუმაძე ცილისწამებად ეკა გიგაურის შეფასებებს მიიჩნევს, სადაც ის ეჭვქვეშ აყენებს შალვა თადუმაძის კვალიფიკაციას და მისი დიპლომის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან. TI-ის განცხადებით, მათ ამ საკითხთან დაკავშირებით, საჯარო უწყებებიდან მიღებული არაერთი დოკუმენტი შეისწავლეს, რამაც კონკრეტული კითხვები გააჩინა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ცნობითვე, თადუმაძის დიპლომში მითითებულია, რომ თადუმაძე ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩაირიცხა. TI-ის განცხადებით, დაწესებულებამ ლიცენზია 1994 წელს მიიღო.

"1993 წელს შალვა თადუმაძე მხოლოდ 15 წლის იყო. საეჭვოა ამ ასაკში პირს საშუალო სკოლის დასრულება და შესაბამისად, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლების მოპოვება მოესწრო", — წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ამასთან, მათი ინფორმაციით, საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდებად მითითებულია ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი, თუმცა TI-ში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული სახელწოდება მას 2003 წელს ეწოდა, ხოლო დიპლომი 1998 წელსაა გაცემული.

"შალვა თადუმაძის დიპლომის თაობაზე კითხვები ჰქონდა ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR), სახალხო დამცველს და კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომლებიც აქტიურ მონიტორინგს უწევდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს", — ვკითხულობთ TI-ის განცხადებაში.

TI-ში აღნიშნავენ, რომ ობიექტური მართლმსაჯულების მოლოდინი არ აქვთ, თუმცა საკუთარ ინტერესებს ყველა ინსტანციის სასამართლოში დაიცავენ. მათივე ცნობით, თადუმაძე დამატებით ითხოვს მის დიპლომთან დაკავშირებით ეკა გიგაურს დავის დასრულებამდე ნებისმიერი ფორმით, საჯაროდ საუბარი აეკრძალოს.

გაიგეთ მეტი: