მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა სერიალების მოყვარული, თუ სოციალურ ქსელებს თვალს აქტიურად ადევნებთ, ნეტფლიქსის ახალი სერიალის, Squid Game-ის შესახებ აუცილებლად გეცოდინებათ.

კალმარის თამაში 17 სექტემბერს გამოვიდა და მსოფლიო მალევე დაიპყრო. კალმარის თამაში ნეტფლიქსის ყველაზე მასშტაბური არაინგლისურენოვანი სერიალია და მას ნეტფლიქსის ყველაზე პოპულარული სერიალის ტიტულსაც უწინასწარმეტყველებენ. ამდენად სწრაფად მოპოვებული წარმატების შემდეგ ცოტა რთულია იმის დაჯერება, რომ სერიალის რეჟისორსა და შემქმნელს, ჰვან დონგ-ჰიუკს კალმარის თამაშის გადაღებაზე უარს კომპანიები 10 წლის განმავლობაში ეუბნებოდნენ.

რეჟისორს სცენარის იდეა დედასთან და ბებიასთან ცხოვრებისას მოუვიდა, თუმცა მისი მალევე დასრულება ვერ შეძლო, რადგან უფულობის გამო იძულებული გახდა, ლეპტოპი გაეყიდა. 10 წლის განმავლობაში კომპანიები უარს იმ მიზეზით ეუბნებოდნენ, რომ მათი აზრით, სცენარი "ზედმეტად გროტესკული და არარეალური" იყო.

რეჟისორს ორი წლის წინ გაუმართლა, როცა პროექტის განხორციელებაზე ნეტფლიქსი დაითანხმა. მისი აზრით, ამის მიზეზი პანდემიის დროს სოციალურ კლასებს შორის არსებული განსხვავებების საკითხის წინ წამოწევა გახდა.

"სამყარო შეიცვალა. ამბავში მოთხრობილი საკითხები დღეს ადამიანებისთვის უფრო რეალურია, ვიდრე 10 წლის წინ იყო", — ამბობს ის.

აღსანიშნავია, რომ კალმარის თამაშის ოფიციალურ ტრეილერს უკვე 17 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, რითაც სერიალმა ბრიჯერტონს — ნეტფლიქსის ყველაზე მასშტაბურ პროექტს გადაუსწრო. კალმარის თამაში იმდენად პოპულარულია, რომ სამხრეთ კორეული ინტერნეტპროვაიდერი ნეტფლიქსს მომხმარებელთა მაღალი აქტიურობის გამო უჩივის და მისგან ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯების გადახდას ითხოვს.

ერთი რამ ყველასათვის ცხადია: კომპანიები, რომლებიც რეჟისორს კალმარის თამაშის გადაღებაზე უარს ეუბნებოდნენ, ალბათ, საკუთარ გადაწყვეტილებას ახლა ძალიან ნანობენ.

ამავე თემაზე: