ფეისბუქის გათიშვის გამო ტვიტერზე მოხდილი ბოდიშის შემდეგ, სოციალური ქსელის მომხმარებლებს კიდევ ერთხელ მოუბოდიშეს. ამჯერად ფეისბუქის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა თავისივე პლატფორმაზე დაპოსტა.

"ფეისბუქი, ინსტაგრამი, WhatsApp და მესენჯერი კვლავ ბრუნდებიან ონლაინ რეჟიმში. ბოდიში დღევანდელი შეფერხებისათვის — მე ვიცი, რამდენად ეყრდნობით ჩვენს მომსახურებას იმისთვის, რომ გქონდეთ კავშირში ახლობელ ადამიანებთან", — წერს ის ფეისბუქზე.

ისტორიული გლობალური გათიშვის შემდეგ, რომელიც დაახლოებით 6 საათს გაგრძელდა, ფეისბუქი ნელ-ნელა ბრუნდება. მომხმარებელთა ნაწილი მისი ფუნქციების გამოყენებას უკვე ახერხებს. ამ 6 საათის განმავლობაში სოციალურ ქსელში შესვლას ვერავინ ახერხებდა, პრობლემა კი, როგორც ექსპერტები ამბობდნენ, DNS-ში იყო.

5 საათის წინ ფეისბუქმა ოფიციალური განცხადება კონკურენტ სოციალურ ქსელზე, ტვიტერზე გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ გუნდი პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს, ფეისბუქი კი უხერხულობის შექმნისთვის ბოდიშს იხდიდა.

მას შემდეგ, რაც ფეისბუქი და მის მფლობელობაში არსებული ისეთი გიგანტი პლატფორმები, როგორებიცაა Messenger, Instagram და Whatsapp, გლობალურად გაითიშა, ცუკერბერგმა მილიარდობით დოლარი დაკარგა. Bloomberg-ის ინფორმაციით, მარკ ცუკერბერგის პირადი ქონება რამდენიმე საათში $7 მილიარდით შემცირდა და შესაძლოა, ამ ფაქტს სწორედ ფეისბუქის და მასთან დაკავშირებული სხვა ქსელების გათიშვასთანაც ჰქონდეს კავშირი.

გაიგეთ მეტი: