მას შემდეგ, რაც ორშაბათს, 4 სექტემბერს, ფეისბუქი და მის მფლობელობაში არსებული ისეთი გიგანტი პლატფორმები, როგორებიცაა Messenger, Instagram და Whatsapp, გლობალურად გაითიშა, მარკ ცუკერბერგმა მილიარდობით დოლარი დაკარგა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, მარკ ცუკერბერგის პირადი ქონება რამდენიმე საათში $7 მილიარდით შემცირდა და შესაძლოა, ამ ფაქტს სწორედ ფეისბუქის და მასთან დაკავშირებული სხვა ქსელების გათიშვასთანაც ჰქონდეს კავშირი.

იმავე ბლუმბერგის ინდექსის მიხედვით, მარკ ცუკერბერგი აქამდე მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების ათეულში მესამე ადგილს იკავებდა, ქონების ამ 5%-იანი ვარდნით კი მეხუთე ადგილზე ჩამოინაცვლა: მას ბილ გეიტსმა გადაუსწრო და ამჟამად მისი კაპიტალი $120,9 მილიარდს უტოლდება.

ბიზნესისა და ფინანსური საკითხების გავლენიანი გამოცემა ბლუმბერგის ავტორი სკოტ კარპენტერი აღნიშნავს იმასაც, რომ ამ ამერიკელი მედიამაგნატის პირადი ქონება 13 სექტემბრიდან მოყოლებული მცირდება: იქამდე მისი პირადი ქონება თითქმის 140 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ბოლო კვირების განმავლობაში კი ამ მაჩვენებელმა დაახლოებით $19 მილიარდით დაიკლო.

უკვე რამდენიმე საათია, რაც Facebook, Instagram და WhatsApp აღარ მუშაობს. სოციალური მედიის გიგანტის პროდუქტების გათიშვის მიზეზი იმთავითვე ცნობილი არ იყო, თუმცა, უსაფრთხოების არაერთმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ ეს დომენის სახელის სისტემას (DNS) უკავშირდება.

თავად ფეისბუქმა ტვიტერზე გაავრცელა ოფიციალური განცხადება (ეს სოციალური ქსელი თავის მხრივ ამ ფაქტთან დაკავშირებულმა მიმებმა წალეკა), რომლითაც მომხმარებლებს შეფერხების გამო ბოდიში მოუხადეს და აღნიშნეს, რომ პრობლემის მოგვარებაზე აქტიურად მუშაობენ.