კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ ქართულ ოცნებაზე შური წარმატებით იძია. მისი მტკიცებით, გახარია პოლიტიკურ ასპარეზზე მმართველი პარტიისთვის ხმების წასართმევად და ზიანის მისაყენებლად გამოვიდა.

"თუ ვინმეს, ალბათ, საზეიმოდ აქვს საქმე ოპოზიციაში, სწორედ გახარიაა იმიტომ, რომ მან არაერთ ქალაქში, პირველ რიგში, ზუგდიდში, ასევე, სხვაგან, იძია შური საკუთარ პარტიაზე წარმატებით და ის დაამტკიცა, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ის გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე ქართული ოცნებისთვის ხმების წასართმევად და ჩვენთვის ზიანის მოსაყენებლად. შესაბამისად, ეს, რა თქმა უნდა, არ არის მოსაწონი საქციელი, რბილად რომ ვთქვა", — თქვა თეა წულუკიანმა იმედის ეთერში.

წულუკიანის აზრით, გახარიამ საკუთარ ამომრჩეველს უნდა აუხსნას, რა მიზეზით იძია შური ქართულ ოცნებაზე. მისი თქმით, იმედი აქვს, რომ ამ შედეგებმა გახარიას ამომრჩევლებს "აუხილა თვალი, რომ ის ვერ გაიმარჯვებდა".

"ადამიანურად დასანანია და პოლიტიკურად, მე ვფიქრობ, რომ ყველა მისი ამომრჩეველი, რომელსაც მინდა, მივესალმო ამ ეთერიდან იმიტომ, რომ ისინი, უმრავლესობა მათგანი, არიან ქართული ოცნების ამომრჩევლები, ვუთხრა, რომ იმედი მაქვს, ამ შედეგმა თქვენ თვალი აგიხილათ; იმედი მაქვს, თქვენ ნახეთ, რომ რა თქმა უნდა, ის ვერ გაიმარჯვებდა. მან ეს იცოდა, მაგრამ მან ბოლომდე იასპარეზა იმისთვის, რომ შური ეძია ქართულ ოცნებაზე. თუ რა მიზეზით ჰქონდა მას შურისძიების სურვილი, ეს მან თავადვე უნდა აუხსნას ამომრჩეველს", — განაცხადა მინისტრმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება. მეორე ტური ჩატარდება თბილისშიც. მანამდე, 2 ოქტობერს, ეგზიტპოლების შედეგების შემდეგ, მმართველმა პარტიამ ოფისთან საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე იზეიმა. იმედის დაკვეთით ჩატარებული GORBI-ის კვლევის მიხედვით, ქართულ ოცნებას 47%-ზე მეტი უნდა აეღო, ხოლო თბილისში მეორე ტური არ ინიშნებოდა.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.