ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თბილისში დათვლილია 769-ვე უბანი, ანუ ხმების 100%.

ამ მონაცემებით, დედაქალაქის მერობის არჩევნების მეორე ტურში გადადიან მოქმედი მერი, კახა კალაძე და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია.

  • კახა კალაძე — 45,04%;
  • ნიკა მელია — 33,96%.

ხმების 100%-ის დათვლა საბოლოო შედეგებს არ ნიშნავს, რადგან დარღვევების გამო შეტანილ საჩივრებს, შესაძლოა, ზოგიერთი უბნის მონაცემების გაბათილება ან შეცვლა მოჰყვეს, რაც აისახება გამოქვეყნებულ მონაცემებზე. საბოლოო შედეგებს ცესკო საჩივრების განხილვის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს.

ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მმართველმა პარტიამ ოფისთან საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე იზეიმა. იმედის დაკვეთით ჩატარებული GORBI-ის კვლევის მიხედვით, ქართულ ოცნებას 47%-ზე მეტი უნდა აეღო, ხოლო თბილისში მეორე ტური არ ინიშნებოდა.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ხელისუფლება დღეს აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულებას არ აპირებს.