ახალმა კველვამ აჩვენა, რომ ფსიქოდელიური პრეპარატი N, N-Dimethyltryptamine (DMT) — დიმეთილტრიპტამინი ასტიმულირებს ვირთხების ნეირონების ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინოვაციური ექსპერიმენტის მონაცემები ჯერ კიდევ სხვა კვლევებითაა დასადასტურებელი, პროექტზე მომუშავე მეცნიერები ამბობენ, რომ ამან შეიძლება ინსულტის მსხვერპლთათვის DMT-ზე დაფუძნებული მკურნალობის ახალი სისტემა გააჩინოს.

DMT უაღრესად ძლიერი ფსიქოდელიური ნივთიერებაა, რომელიც იწვევს ინტენსიურ, მაგრამ ხანმოკლე ფსიქოდელიურ გამოცდილებას. აღსანიშნავია, რომ წინა კვლევებმა აჩვენა, რომ სხვა ფსიქოდელიურ მედიკამენტებს, როგორიცაა LSD და ფსილოციბინი, ასევე შეუძლია ნეირონების აქტივობის გაზრდა, მაგრამ ინსულტის მქონე პაციენტებისთვის ამ ნივთიერებების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი.

ამჯერად ექსპერიმენტის მიზანი იყო იმის დადგენა, შეუძლია თუ არა DMT-ის იგივე ეფექტის მიღება და ეს ძალიან მცირე დოზის მიღების შემთხვევაში, რა დროსაც ის ცნობიერზე არ იმოქმედებს. ამის გასარკვევად, მეცნიერებმა ვირთხის ნეირონები DMT-ის ძალიან მცირე დოზით "დაამუშავეს" და შედეგებს სამი დღე დააკვირდნენ. Algernon Pharmaceuticals-ის თანახმად, რომელიც აფინანსებს კვლევას, DMT-ის მხოლოდ 30 ნანომოლი იყო საკმარისი იმისათვის, რათა ნეირონული აქტივობა 40%-ით გაზრდილიყო. რაც მთავარია, ეს დოზა ითვლება სუბ-ფსიქოდელიურად, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არ არის საკმარისი ადამიანებზე რაიმე ჰალუცინაციური ეფექტის შესაქმნელად.

IFLScience-სთან საუბრისას, ალჯერნონის სამეცნიერო მრჩეველმა პროფესორმა დევიდ ნუტმა განმარტა, რომ DMT-იმ სინაფსების რაოდენობაზე იმოქმედა.

"ეს სწორედ ის არის, რაც ინსულტისგან გამოჯანმრთელებისას გვსურს. საუბარია ახალი სინაფსების წარმოქმნაზე და "დაკარგულის" ანაზღაურებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ამისთვის ძალიან მცირე დოზა საკმარისი აღმოჩნდა", — თქვა დევიდ ნუტმა.

გარდა ამისა, აღდგენითი პროცესები შეიძლება დაჩქარდეს.

"ეფექტი ძალიან მალე გამოჩნდა, საუბარია ერთ საათზე. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ DMT ააქტიურებს ნეირონებს და მათ სტიმულირებას ახდენს", — ამბობენ მკვლევრები.

თუმცა, რაც არ უნდა დადებითი იყოს კვლევის შედეგები, ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი სანამ DMT სამედიცინო გამოყენებისთვის დამტკიცდება.

"ეს მედიცინისთვის სერიოზული გამოწვევაა. რთული იქნება იმის გაკეთება, რაც ჩვენ გვსურს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დავიწყეთ, პროცესი დაიძრა და ეს თავისთავად საკმაოდ რევოლუციურია, რადგან ინსულტის მკურნალობა უკიდურესად რთულია", — ამბობს დევიდნუტი.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.