ახალი სამხრეთ კორეული სერიალი კალმარის თამაში იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ ინტერნეტსივრცე პირდაპირი მნიშვნელობით დაიპყრო. სამხრეთ კორეული ინტერნეტპროვაიდერის, SK Broadband-ის მიხედვით, სერიალმა მომხმარებელთა რაოდენობა და აქტიურობა, ე.წ. ტრაფიკი იმდენად გაზარდა, რომ პროვაიდერი ნეტფლიქსს უჩივის. პროვაიდერი ნეტფლიქსისგან მისი მომსახურების გამოყენების ღირებულებისა და ტრაფიკის ზრდის გამო ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურებას ითხოვს.

აღნიშნული მოთხოვნა სამხრეთ კორეაში მიმდინარე განხილვის ნაწილია, რომლის მიხედვითაც, ნეტფლიქსმა და სხვა პლატფორმებმა ადგილობრივ ინტერნეტპროვაიდერებს მომსახურებისთვის თანხა უნდა გადაუხადონ.

"ჩვენ SK Broadband-ის სარჩელს განვიხილავთ. მანამდე კი გავარძელებთ მათთან მოლაპარაკებებს, რათა ერთად მუშაობის გზები ვიპოვოთ იმისათვის, რომ ჩვენს საერთო მომხმარებლებს უწყვეტი სტრიმინგ გამოცდილება შევთავაზოთ", — აცხადებს ნეტფლიქსის წარმომადგენელი.

ცოტა ხნის წინ ნეტფლიქსის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ტედ სარანდოსმა განაცხადა, რომ კალმარის თამაში პლატფორმის ყველაზე პოპულარული არაინგლისურენოვანი ნამუშვარია. სარანდოსის თქმით, იმის მოლოდინიც არსებობს, რომ კალმარის თამაში მალე ბრიჯერტონს გადაუსწრებს და ნეტფლიქსის ყველაზე პოპულარული სერიალის ტიტულსაც მოიპოვებს.

აღსანიშნავია, რომ კალმარის თამაშის პოპულარულობა მხოლოდ ინტერნეტპროვაიდერების ყოველდღიურობაზე არ ასახულა. როგორც აღმოჩნდა, სერიალის პირველ ეპიზოდში თამაშში მოსაწვევ ბარათზე ნაჩვენები ნომერი ნამდვილია და მისი მფლობელი სერიალის ფანებისგან დღეში 4 ათასამდე ზარს იღებს.

ამავე თემაზე: