ქვეყანაში კვლავ მაღალი ინფლაციაა. საქსტატის ინფორმაციით, სექტემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 12,3% იყო. აღსანიშნავია, რომ სექტემბერში 10 ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტიდან 7 სურსათს მიეკუთვნება.

საქსტატის ინფორმაციით, წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სწორედ სურსათზე ფასების ზრდამ მოახდინა — ამ სასაქონლო ჯგუფში პროდუქცია წლიურად 15,9%-ით გაძვირდა და იქიდან გამომდინარე, რომ სურსათი ადამიანების სამომხმარებლო კალათის დიდ ნაწილს შეადგენს, მასზე ფასების ზრდამ ინფლაციაში 4,99%-იანი წვლილი შეიტანა.

ამასთან, უნდა ითქვას, რომ ბოლო ერთი წლის ჭრილში ფასები გაზრდილია თითქმის ყველა სასაქონლო ჯგუფში გარდა კავშირგაბმულობისა და ტანსაცმლისა.

ასეთია იმ 10 პროდუქტის ჩამონათვალი, რომელიც სექტემბერში წლიურად ყველაზე მეტად გაძვირდა:

  1. ბადრიჯანი — გაძვირდა 152%-ით;
  2. კიტრი — გაძვირდა 82%-ით;
  3. მზესუმზირის ზეთი — გაძვირდა 77%-ით;
  4. მწვანილი — გაძვირდა 72%-ით;
  5. თერმომეტრი — გაძვირდა 68%-ით;
  6. ჭარხალი — გაძვირდა 65%-ით;
  7. სტაფილო — გაძვირდა 61%-ით;
  8. კომბოსტო — გაძვირდა 58%-ით;
  9. ლურსმანი — გაძვირდა 46%-ით;
  10. ბენზინი — გაძვირდა 44%-ით.

გარდა ამისა, ფასები მომატებულია კიდევ 257 დასახელების პროდუქტსა და მომსახურებაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სექტემბერში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, გაიაფდა 28 დასახელების პროდუქტი.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ ბოლო 10 წლის მაქსიმუმს, 12,8%-ს მიაღწია, ივლისში ინფლაცია — 11,9% იყო, ივნისში — 9,9%, მაისში — 7,7%, ხოლო აპრილსა და მარტში — 7,2%.

აღსანიშნავია, რომ ინფლაციის დარეგულირების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აგვისტოს დასაწყისში რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით, 10%-მდე გაიზარდა, რის შედეგადაც 140 100 ადამიანს სესხის პროცენტი გაუძვირდა. სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი სექტემბერში უცვლელად, 10%-ზე დატოვა.

როგორც ცნობილია, სებ-ის მიერ დადგენილი ინფლაციის მიზნობრივი, ანუ დასაშვები დონე 3%-ია. ეროვნული ბანკი ინფლაციის მაჩვენებლის დარეგულირებას 2022 წლიდან ელოდება.

გაიგეთ მეტი: