Tinder გაცნობის აპლიკაციაა, რომელიც ქართველი მომხმარებლისთვის უცხო არ არის. ამ აპლიკაციას თბილისში ბევრი ადამიანი იყენებს და მისი პოპულარობა დღითი დღე მატულობს. როგორც ქართველი მომხმარებლები ამბობენ, ამ აპლიკაციაში ძირითადად ბაბულიკი მამრები სჭარბობენ. როგორც ცნობილია, თუ ხსენებულ ბაბულიკ მამაკაცს მარჯვნივ "გადაასვაიპებთ" ანუ მის მიმართ ინტერესს გამოაცხადებთ და აღმოჩნდება, რომ მასაც იგივე აქვს გაკეთებული თქვენს პროფილთან მიმართებით, გაიხსნება ჩეთი, რომელშიც პირველი ფრაზა იქნება: "Gavicnod, lamaso?" ეს ფრაზა, როგორც წესი, ამ პიროვნების "ანლაიქს" იწვევს და ბაბულიკი ისევ უშედეგოდ აგრძელებს "ლამასების" გაცნობის ეპოპეას.

ცხადია, მსგავსი ბაბულიზმური მიდრეკილებები არც უცხოელი მამაკაცებისთვისაა უცხო და ამიტომ აპლიკაციის შემქმნელებმა მისი ელიტური ვერსია გამოუშვეს.

როგორც გაირკვა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, Tinder, ჩვეულებრივი მოკვდავებისგან უჩუმრად, ერთმანეთთან ცნობილ ადამიანებსა და ძალიან ლამაზ და სიმპათიურ ადამიანებს ეხმარება ერთმანეთის გაცნობაში.

ელიტურ აპში მხოლოდ უკვე არსებულმა წევრმა შეიძლება მიგიწვიოთ.

არსებული ინფორმაციით, ტინდერის ამ ვერსიაში შეხვდებით სუპერ მოდელებს, დიდი კომპანიების CEO-ებს, სპორტსმენებსა და ბომონდის სხვა წარმომადგენლებს.

მოქმედებს თუ არა ეს აპლიკაცია თბილისში და იყენებს თუ არა მას თბილისელი ელიტა, ჯერ-ჯერობით უცნობია.