ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ ანზორ მელიასა და ქართული ოცნების კანდიდატ მამუკა წოწერიას შორის მეორე ტური გაიმართება.

ამ დროის ინფორმაციით, ანზორ მელიას ხმების 48,17% აქვს მიღებული, მამუკა წოწერიას კი 40,01%. დათვლილია 109 უბნის შედეგებიდან 46-ის, რაც 42,2%-ია.

ფოტო: ცესკო

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიიდან ოქმები დროულად არ მიეწოდათ, რადგან დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე იყო რიგები და პროცესში ჩარევის გარკვეული შემთხვევები.

"ჩვენს ვებ-გვერდზე არის ინფორმაცია იმ შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, რომელიც ჩვენთვის ამ ეტაპისთვის არის მოწოდებული. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, შევიდეს ჩვენს ვებ-გვერდზე და მიიღოს ინფორმაცია. [...]

ზუსტად ზუგდიდი სხვა საოლქო საარჩევნო კომისიებთან ერთად იყო ის საოლქო საარჩევნო კომისია, სადაც ჩვენ ასევე სხვადასხვა მედიასაშუალებებით ვიხილეთ ის შემთხვევები, სადაც იყო ძალიან დიდი რიგები და ასევე გარკვეული პროცესში ჩარევის თუ თანამშრომლობის შემთხვევები, შესაბამისად, ამან ასევე უზრუნველყო ის, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიიდან ჩვენ ვერ მოგვეწოდა დროულად შემაჯამებელი ოქმები", — აცხადებს კალანდარიშვილი.