არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, 19:00 საათის მონაცემებით, არჩევნების მიმდინარეობისას მარნეულის ორ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემის არაერთი შემთხვევა, ასევე, მარკირების შემოწმებისა და ჩატარების გარეშე ხმის მიცემის არაერთი ფაქტი, აგრეთვე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. ორგანიზაცია აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს.

დამკვირვებლებისგან მიღებული ინფორმაციით, კვლავ ფიქსირდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები, რაც გამოიხატება ბიულეტენების საარჩევნო უბანზე მყოფი პირებისთვის ჩვენებაში.

ამასთან, ISFED-ის ინფორმაციით, იყო უბნის შიგნით, უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა და მათი პირადი ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემა.

გარდა ამისა, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის თქმით, კვლავ პრობლემად რჩება სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვა, რაც, ძირითადად, გამოიხატება მათთვის მტრული გარემოს შექმნაში. აღნიშნული ფიქსირდება საარჩევნო უბნების გახსნის მომენტიდან და აქვს განგრძობადი ხასიათი.

ასევე იხილეთ: