მრავალეროვანი საქართველოს დირექტორმა, ალექსანდრა კალატოზიშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მარნეული "ნეგატიური აქტივობით" გამოირჩევა. მისივე ინფორმაციით, მარნეულის 88-ე საარჩევნო უბანზე ხუთმა პირმა განმეორებით მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა.

"ასე თუ გაგრძელდა, მე არ მომერიდება იმის თქმა, რომ ეს შეიძლება მართლა გახდეს განსხვავებული არჩევნები. ყოველ შემთხვევაში ამ კონკრეტულ საარჩევნო ოლქში, თუმცა ამ ეტაპზე ამას ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, ერთეული შემთხვევები მაინც არ გვაძლევს განზოგადების საშუალებას" — განაცხადა კალატოზიშვილმა.

მრავალეროვანი საქართველოს მიერ დაფიქსირებული დარღვევების ნაწილი დამკვირვებლებისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვას შეეხებოდა. კალატოზიშვილის განცხადებით, დარღვევებზე რეაგირებამ გამოიწვია სხვა დამკვირვებლების მხრიდან აგრესიული დამოკიდებულებას, რის გამოც მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლები იძულებულები გახდნენ, ტერიტორია დაეტოვებინათ.

ალექსანდრა კალატოზიშვილის ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა პარტიასთან აფილირებული საარჩევნო სუბიექტების ხალხმრავლობა შეინიშნება, რის გამოც, სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა ეზღუდებათ. მისი თქმით, კრწანისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლისათვის "ფიზიკურად არ დარჩა ადგილი".

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევს. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ხელისუფლება დღეს აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულებას არ აპირებს.