პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური ამბობს, რომ სენაკში მე-14 საარჩევნო უბანზე პირი ალკოჰოლურ სასმელს არიგებს.

"სენაკში, მე-14 საარჩევნო უბანზე, კერძოდ დევნილთა დასახლებაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანამშრომელი არიგებს ალკოჰოლურ სასმელს, განსაკუთრებით ყურადსაღებია გადასატან ყუთებთან მიმართებით სხვადასხვა რეგიონში დაფიქსირებული დარღვევის ფაქტები, რაც უკვე სისტემურ ხასიათს ატარებს, კერძოდ, დაფიქსირდა, რომ გადასატანი ყუთი დაბრუნდა საარჩევნო უბანზე, ხოლო შემდეგ ისევ გაიტანეს", — აცხადებს ბუჩუკური.

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევს. თუმცა საზოგადოების ნაწილისთვის ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ხელისუფლება დღეს აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულებას არ აპირებს.