ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გირჩის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს სთავაზობს, ქართული ოცნების ოფისთან საუნდჩეკზე 7 საათზე მივიდნენ, რომ საუნდჩეკი ერთად გაიარონ.

"ზურა 7-ზე შევხვდეთ საუნდჩეკზე, ოცნებამ სცენის აწყობა დაამთავრა, რეპერტუარი მზადაა", — დაპოსტა ხაზარაძემ ფეისბუქზე.

ზურაბ ჯაფარიძე ქართული ოცნების ოფისთან მივიდა და განაცხადა: "გამარჯობა, რომელზე იწყება? არავინ იცით, რომელზე იწყება? ზეიმი რომელზე იწყება? საუნდჩეკზე რომელზე მოვიდე? 7-ზე მოვალ მაშინ საუნდჩეკისთვის?".

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევს. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ხელისუფლება დღეს აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულებას არ აპირებს.