საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი ზუგდიდში ფორმულას ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტის შეფასებისას ამბობს, რომ მედია გარემო საქართველოში ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო არაა.

"მედია გარემო ანუ მედიისთვის ის გარემო რაც არის საქმიანობისთვის ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, უსაფრთხო არ არის და ჩვენ ამას ყოველდღიურად ვხედავთ", — აცხადებს ის.

მისივე თქმით, ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი ძალიან მძიმე ფაქტია და ამას შესწავლა სჭირდება.

"ასეთი ფაქტები როდესაც ხდება და უკვე ის არ აღკვეთა სამართალდამცველმა ორგანოებმა, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი და სწორედაც იმის გამო, რომ შესაძლებელია, გაუჩნდეს ჟურნალისტს შიში იმისა, რომ თავისი მოვალეობა ამ ქვეყანაში განახორციელოს, რა თქმა უნდა, აქ შესაძლოა იკვეთებოდეს სხვადასხვა კანონდარღვევის ნიშნები, რა თქმა უნდა, ეს შესასწავლია", — თქვა მან.

ზუგდიდში საარჩევნო უბანთან მყოფი პირი ჟურნალისტს ელექტროშოკით ემუქრებოდა და შეურაცხყოფას აყენებდა. ტელეკომპანია ფორმულას გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აღნიშნული პირი უახლოვდება ჟურნალისტს, ეუბნება, რომ არ გადაუღოს და თან ელექტროშოკს რთავს.

ჟურნალისტი On.ge-სთან ამბობს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დაიწყო, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. ამ თემაზე On.ge კომენტარს ელოდება შინაგან საქმეთა სამინისტროსგანაც.

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევს. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ხელისუფლება დღეს აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულებას არ აპირებს.