შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს იმ ბინის მეპატრონე, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. როგორც კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა გლდანი-ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მეპატრონე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.

"დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, ასევე დაკავებულია საცხოვრებელი ბინის მეპატრონე 1958 წელს დაბადებული პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს", — განაცხადა ჭელიძემ.

კრიმინალური დეპარტამენტის დირექტორმა, ასევე, განაცხადა, რომ სააკაშვილის დასაკავებლად შეარჩიეს "ზუსტი და ეფექტური დრო".

"სამართალდამცავმა უწყებებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაგეგმეს უკრაინის მოქალაქე, ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების სპეცოპერაცია. საზოგადოებაში დაპირისპირებისა და მოვლენების შესაძლო ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით ღონისძიება გასაიდუმლოებულ რეჟიმში ჩატარდა", — განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ბილეთების ფოტო, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2 ოქტომბერს, ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო. მმართველ გუნდში ამბობდნენ, რომ ის სიტყვას ისევ უღალატებდა და ჩამოსვლას ვერ გაბედავდა, მაგრამ თუ მაინც გაბედავდა, აეროპორტშივე დააკავებდნენ. თუმცა, არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს, სააკაშვილმა დაპოსტა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. რამდენიმე საათში მან ორი ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ ბათუმშია და აქტიურად აპირებს ბრძოლას.

სანამ სააკაშვილი მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდებდა, ქართულ ოცნებაში ამტკიცებდნენ, რომ ის არათუ ქვეყანაში შემოვიდა, უკრაინაში იყო. იმავეს ამბობდა შინაგან საქმეთა სამინისტროც და ამტკიცებდა, რომ მას არც უკრაინის და არც საქართველოს საზღვრები არ გადაუკვეთავს. მეტიც, ირაკლი კობახიძე იმეორებდა, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, მისი ვიდეოები ფეიკია და იმაზე უფრო მარტივი ტექნოლოგიითაა გაკეთებული, ვიდრე DeepFake.

ამ განცხადებებიდან რამდენიმე საათში პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ სააკაშვილი დაკავებულია და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. გომელაურს და ლილუაშვილს ბრიფინგზე არ უსაუბრიათ, სამივე მათგანმა მედიის ოთახი ისე დატოვა, რომ კითხვებს არ უპასუხა. შესაბამისად, უცნობი იყო სად დააკავეს სააკაშვილი.

თუმცა, ექსპრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე დაკავების შემდეგ გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ამბობდა, რომ თბილისშია და სავარაუდოდ მალე დააკავებენ. მეტიც, მისმა ერთ-ერთმა თანაგუნდელმა თქვა, რომ ის ქვეყანაში 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

მოგვიანებით, იმედის ეთერში პრემიერმინისტრი ამტკიცებდა, რომ ყველაფერი წინასწარ იცოდნენ და დღეს "ოპერატიული ტაქტიკის" გამო უწევდათ საპირისპირო განცხადებების გაკეთება. მან ბოდიშიც კი მოუხადა თანაგუნდელებს იმის გამო, რომ სიმართლეს ვერ ამბობდნენ.

აღსანიშნია ისიც, რომ ქართული ოცნების ლიდერებმა, პრემიერმაც და კობახიძემაც რამდენჯერმე გაუსვეს ხაზი, რომ სააკაშვილის დაკავება სიმბოლური იყო დღეს, რადგან 9 წელი გავიდა ბიძინა ივანიშვილის "დიდი გამარჯვებიდან". პრემიერმინისტრმა ბიძინობაც კი მოგვილოცა.

ამის შემდეგ ბრიფინგები ჩაინიშნა პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც. პროკურატურაში ის საქმეები განიხილეს, რომელზეც სააკაშვილს უკვე აქვს მისჯილი, ისინიც, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეა და დაამატეს, რომ საზღვრის უკანონოდ კვეთაზე მის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტს არასდროს შეიწყალებს, რადგან მას ქვეყნის წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი.

სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. მის სანახავად ომბუდსმენი მივიდა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს, თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და შიმშილობას იწყებს.

სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურნენ ნაციონალურ მოძრაობაში. მელიამ აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი ამისთვის მზად იყო და ბრძოლა არჩევნებზე გრძელდება.

ვინაიდან სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მისმა პატიმრობამ კითხვები გააჩინა პარტნიორ ქვეყანაშიც. კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერებმა დაპოსტეს, რომ ქართული მხარისგან განმარტებებს ელიან. პასუხად საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ საელჩოს დიპლომატი ადგილობრივ უწყებას საჭირო ინფორმაციას მიაწვდის.

ამავე თემაზე: