ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე მეოთხე დღეა საქართველოშია. მისი შეფასებით, ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ამის შესახებ ხელისუფლებამ არაფერი არ იცოდა.

"ხელისუფლებამ დღეს აჩვენა სრული უსახურობა, უსუსურობა. ადამიანს ეძებდნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, ამტკიცებდნენ, რომ აქ არ იყო, ჩვენ მათ ჯიუტად ვეუბნებოდით, რომ აქ იყო. მე მქონდა კომუნიკაცია და ვიცოდი, რომ აქ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ გასაოცრად სააკაშვილი დაიჭირეს თბილისში, ძალიან ახლოს, სხვათა შორის, კანცელარიასთან იყო გუშინ. ძალიან ახლოს, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს, დღეს მოახერხეს და დაიჭირეს.

დღეს არ არის პირველი დღე როდესაც მიშა სააკაშვილი არის თბილისში. უკვე მე-4 დღეა ის საქართველოშია. მე-4 დღეა ის საქართველოშია და ამის შესახებ არანაირი ცნობა, ამ ჩამოშლილ, ჩამორღვეულ ხელისუფლებას არ ქონია. ამიტომ ეს გაცილებით დიდი პრობლემა მგონია, ვიდრე ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია", — თქვა ხერხეულიძემ.

მიხეილ სააკაშვილი დააკავეს და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ პრემიერმინისტრმა გაავრცელა. ბრიფინგზე მას თან ახლდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, თუმცა მათ არც განცხადება გაუკეთებიათ და არც კითხვებზე უპასუხიათ.

აღსანიშნია, რომ ამ ბრიფინგამდე, მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნების ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი იტყუება და ის არათუ საქართველოში, არამედ უკრაინაშია, შსს კი აცხადებდა, რომ მას არც საქართველოს და არც უკრაინის საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მეტიც, ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, მისი ვიდეოები ფეიკია და იმაზე უფრო მარტივი ტექნოლოგიითაა გაკეთებული, ვიდრე DeepFake. მის პასუხად სააკაშვილის თანაგუნდელები ამბობდნენ, რომ ის ნამდვილად ჩამოვიდა.