ხუთ ადგილობრივ მედიასაშუალებასთან პარტნიორობის შედეგად OC Media-ს სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გამოქვეყნდება.

ხელშეკრულება გაფორმდა Mikroskop Media-სთან აზერბაიჯანში, CivilNet-თან სომხეთში, On.ge საქართველოში და რადიო მარნეული და JNews სამხრეთ საქართველოს რეგიონებში ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.

მასალები სომხურ, აზერბაიჯანულ, ქართულ და რუსულ ენებზე ითარგმნება.

"პარტნიორობა ურთიერთსასარგებლო იქნება ყველა პარტნიორისთვის. ეს ჟურნალისტიკის გავლენის გაზრდაში დაგვეხმარება, განსაკუთრებით ადგილობრივ აუდიტორიას შორის, ხოლო ჩვენს პარტნიორებს ექნებათ წვდომა მასალებზე, რომელთა გაშუქების რესურსი მათ არ აქვთ, განსაკუთრებით კავკასიის იმ რეგიონებიდან, რომლებსაც ისინი ვერ ფარავენ", — თქვა OC Media-ს ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ ნიკურაძემ.

ნიკურაძე, ასევე, იმედოვნებს, რომ პარტნიორობამ შეიძლება კავკასიაში ხარისხიანი მედიასაშუალებების "ჰაბი" შექმნას, რომელიც თანამშრომლობის უნიკალურ შესაძლებლობებს წარმოადგენს.

CivilNet-ის მთავარმა რედაქტორმა, კარენ ჰარუთიუნიანმა თქვა, რომ სომხეთის მეზობლებისგან მეტი ინფორმაციის მისაღებად მათი ვებ-გვერდისთვის პარტნიორობა მნიშვნელოვანი იქნება.

"სამწუხაროდ, კავკასიის ქვეყნებმა და ხალხებმა, განსაკუთრებით ახალმა თაობებმა, ბევრი არაფერი იციან ერთმანეთის შესახებ. ერთ დროს ერთიან რეგიონს ახლა განსხვავებული კულტურა და გეოპოლიტიკა აქვს", — თქვა მან.

მისივე თქმით, სომხები და აზერბაიჯანელები ერთმანეთს კონფლიქტის პრიზმაში ხედავენ და კონფლიქტთან დაკავშირებული ისტორიები ჭარბობს, სხვა თემების შესახებ მეტი კონტენტი კი, ასევე, სასარგებლო იქნება.

ჰარუთუნიანი დასძენს, რომ CivilNet-ი უკვე აქვეყნებდა ყოველკვირეულ სიახლეებს თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.

"ჩვენი თანამშრომლობა OC Media-თან დაგვეხმარება ყოველდღიურად გამოვაქვეყნოთ ახალი ამბები ამ და სხვა ქვეყნებიდან", — თქვა მან.

სამცხე-ჯავახეთში მოქმედი JNews-ის დირექტორი რიმა გარიბიანი პარტნიორობას, ასევე, მიესალმება.

"ვფიქრობ, დღეს, ონლაინ ჟურნალისტიკის ეპოქაში, მედია საშუალებებს შორის თანამშრომლობა, რომლებიც მათ მიერ გამოქვეყნებული მასალების შინაარსსა და მათ მკითხველებს პატივს სცემენ, ძალიან მნიშვნელოვანია", — თქვა გარიბიანმა.

"მეორეც, უსასრულო შესაძლებლობების ეპოქაში, ჩვენ, მედიას, გვაქვს ძალიან შეზღუდული რესურსი ფართო შესაძლებლობებით სარგებლობისთვის და ასეთი თანამშრომლობა [გვაძლევს შესაძლებლობას] ჩვენი რესურსები გავაფართოვოთ".