ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, მაგრამ იცოდა რაზეც მოდიოდა და შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი. მისი თქმით, სააკაშვილმა გააკეთა რაც თქვა და ეს თავდადებული ნაბიჯია, რადგან მან თავისუფლება დათმო რეჟიმის დამარცხებისთვის.

"მე გესალმებით გამარჯვების სრული რწმენით, ეს ერთი და მოგესალმებით უზღვევი ენერგიით და იმედით სავსე, ეს ორი. ასეა ეს და უბრალოდ გიზიარებს ამ ჩემს ემოციებს, მაგრამ ემოციები იქით იყოს და ხვალ რეფერენდუმი გვაქვს ქვეყანაში. კენჭისყრა გვაქვს ქვეყანაში, რომლითაც ჩვენ ყველანი დარწმუნებული ვარ, მივიღებთ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილებას რომლითაც, საბოლოოდ, მოვიშორებთ ქვეყნის დამაქცევარ ხელისუფლებას, რომლითაც საბოლოოდ დავადგებით ნათელი მომავლის გზას. [...]

დღეს ყველა ვხედავთ ოცნების ისტერიასა და ჩამოშლას მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების გამო. ეს რომ ნორმალური ხელისუფლება იყოს, საერთოდ არ უნდა ექციათ მესამე პრეზიდენტი დევნილად, მთელს მსოფლიოში აბუჩად არ აეგდოთ საკუთარი თავი და ქვეყანა და ძებნილად არ გაეხადათ კაცი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოუტანა ქვეყანას. მას სრული უფლება ჰქონდა თავის ქვეყანაში ჩამოსვლის, დღეს ის ნამდვილად საქართველოშია, ის დააკავეს, მაგრამ მან იცოდა რაზე მოდიოდა და შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი. ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ ისიც გათავისუფლდება და ქვეყანაც. ციხეში ყოფნა არაა პრობლემა, განსაკუთრებით მისთვის, პრობლემა არის, როდესაც ქვეყანა ემსგავსება დახავსებულ ციხეს და ეს არის მისთვის განსაკუთრებული პრობლემა.

საერთო გამარჯვების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილიც, როგორც უამრავი მოქალაქე მოგვილოცავს ისტორიულ გამარჯვებას, ჯერ ციხიდან, მაგრამ ძალიან მალე თავისუფლებაზე", — განაცხადა მელიამ.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ პრემიერმინისტრმა გაავრცელა. ბრიფინგზე მას თან ახლდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, თუმცა მათ არც განცხადება გაუკეთებიათ და არც კითხვებზე უპასუხიათ.

აღსანიშნია, რომ ამ ბრიფინგამდე, მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნების ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი იტყუება და ის არათუ საქართველოში, არამედ უკრაინაშია, შსს კი აცხადებდა, რომ მას არც საქართველოს და არც უკრაინის საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მეტიც, ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, მისი ვიდეოები ფეიკია და იმაზე უფრო მარტივი ტექნოლოგიითაა გაკეთებული, ვიდრე DeepFake. მის პასუხად სააკაშვილის თანაგუნდელები ამბობდნენ, რომ ის ნამდვილად ჩამოვიდა.