ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის ფეისბუქზე კიდევ ერთი ვიდეო გამოქვეყნდა, რომელიც, სავარაუდოდ, მის დაკავებამდეა გადაღებული. ვიდეოს დასაწყისში თავად სააკაშვილი ამბობს, რომ, დიდი ალბათობით, მას მალე დააკავებენ.

ვიდეო მის ფეისბუქგვერდეზე მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი დააკავეს.

"მე მინდა გითხრათ, რომ არაფრის არ შეგეშინდეთ, ხვალ მიდით არჩევნებზე, მიეცით ხმა და სამში ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. აბა თქვენ იცით, მე ვარ ძალიან მტკიცედ, მდგრად, მედგრად. ამისთვის ჩამოვედი, რომ თქვენ დაგეხმაროთ, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვქონდა. მე არაფრის მეშინია და თქვენც ნუ შეგეშინდებათ", — ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ პრემიერმინისტრმა გაავრცელა. ბრიფინგზე მას თან ახლდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, თუმცა მათ არც განცხადება გაუკეთებიათ და არც კითხვებზე უპასუხიათ.

აღსანიშნია, რომ ამ ბრიფინგამდე, მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნების ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი იტყუება და ის არათუ საქართველოში, არამედ უკრაინაშია, შსს კი აცხადებდა, რომ მას არც საქართველოს და არც უკრაინის საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მეტიც, ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, მისი ვიდეოები ფეიკია და იმაზე უფრო მარტივი ტექნოლოგიითაა გაკეთებული, ვიდრე DeepFake. მის პასუხად სააკაშვილის თანაგუნდელები ამბობდნენ, რომ ის ნამდვილად ჩამოვიდა.