ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ.

"წინასაარჩევნო პერიოდში განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, კენჭისყრის დღეს გარკვეული ინციდენტები პარტიების მხარდამჭერებს შორის, გამოწვევა გახდეს. ასეთი გამოწვევების თავიდან აცილება მნიშვნელოვანია, რათა ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში, მივიდეს საარჩევნო უბანში და თავისუფლად გამოხატოს ნება, რომელიც აისახება არჩევნების შედეგებში.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა, მათმა წევრებმა და მხარდამჭერებმა ხელი შეუწყონ საარჩევნო უბნებში მშვიდი გარემოს შენარჩუნების საყოველთაო ინტერესს და უარი თქვან დაპირისპირებასა და ესკალაციაზე, მათ შორის, ძალისმიერი მეთოდების გამოყენებასა და ფიზიკურ დაპირისპირებაზე", — ვკითხულობთ ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ისინი მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება და იმოქმედოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვით. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მედიაზე თავდასხმებმა ტენდენციური ხასიათი მიიღო, ამიტომ, ხაზს უსვამენ ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობაზე.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI);

  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);

  • საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP);

  • მედიის განვითარების ფონდი (MDF);

  • მედიის უფლებები;

  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (EPRC);

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);

  • რეგიონული მედიის ასოციაცია (GRMA);

  • ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC);

  • საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი (GARB).

2 ოქტომბერს საქართველოშ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ შარლ მიშელის შეთანხმების შესაბამისად, მას რეფერენდუმის სახე ექნება და თუ ქართული ოცნება 43%-ზე მეტს ვერ აიღებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნება. თავად, მმართველი პარტიაში, რომელმაც მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ამბობენ, რომ ეს მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებია და შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე არ გაიმართება.